დამხობის მიზანი არ მქონია, ამის შესაძლებლობას ისედაც ვერ ვხედავ. საკანში მშვიდად ვიყავი, რადგან გეგმას ვერ გავცემდი, ვინაიდან არ ვიცოდი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, პროცესი უსამართლოა.

„არ ვამბობ, რომ აქციაზე არ ვიყავი ან ცვლილება არ მინდა, უბრალოდ გადაჭარბებულია ყველაფერი. ერთადერთი მტკიცებულებაა ვიდეოპერფორმანსი. ჟურნალისტებს ვეწერებოდი. ერთ-ერთი გოგონა მოვიდა და მეუბნება, პერფორმანსის გადაღება გვინდაო, თუ მოხვალ კაი იქნებაო. რატომ არ უნდა გადავიღო სურათი, წარმოუდგენელია, სპონტანურად მივედი. რამეს კი არ ვემიჯნები, მაგრამ არანაირი ორგანიზებული ჯგუფი არ ყოფილა, სპონტანური პერფორმანსი იყო. ვხუმრობდი კიდეც, ეს პერფორმანსი, შეიძლება, გახდეს ბრალდების საფუძველი-მეთქი. როცა მივედი ოფისში, მითხრეს, რომ სახიფათოა ასეთ პირობებში პერფორმანსში მონაწილეობა. მალევე დაიდო ვიდეო. როცა არ იცი, პრაგმატულად რა არის სწორი, იქცევი კაცურად. მოწოდებაც არ იყო, არ მინდოდა, დამატებითი საფუძველი მიმეცა სისტემისთვის. სულ ვცდილობდი, ისე მემოქმედა, არ გადამელახა ზღვარი. ვოცნებობდი, პაატა მანჯგალაძე ისეთი პოლიტიკოსი იყოს, რომ 100 000 ადამიანის შეკრება შევძლო. ამაყი ვიქნებოდი ამ პერფორმანსის გამო? რას ეფუძნება ჩემი ორგანიზატორობა? მე ბედნიერი ვიქნებოდი, ჩემს დაძახილზე 100 000 კაცი გამოდიოდეს. ორგანიზატორებს არც შევხვედრილვარ, ერთად ხაჭაპურიც არ გვიჭამია, ყავა არ დაგვილევია, რას მედავებით? არ იფიქროთ, რომ მეშინია. მიუხედავად იმისა, რომ განცდა მქონდა, ჩასაფრებული იყო რეჟიმი და ძალიან ფრთხილად ვმოქმედებდი, დამხობის მიზანი არ მქონია. ამის შესაძლებლობას ისედაც ვერ ვხედავ. არანაირი გეგმა არ ვიცოდი. საკანში მშვიდად ვიყავი, როდესაც ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიღაცამ გეგმა გასცაო. მშვიდად ვიყავი, რადგან გეგმას ვერ გავცემდი, ვინაიდან არ ვიცოდი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.