თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიურ სხდომაში  მონაწილეობს. მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.

როგორც თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, დებატები მიკერძოებულად და ცალმხრივად მიმდინარეობდა.

დებატების დროს დაისვა საკითხი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სადამკვირვებლო მისია მიიწვიოს

. ოთარ გრიგოლიას განცხადებით, ასევე გარკვეული პოლიტიკური აქტორები ცდილობენ საქართველოში არსებული სიტუაცია დაამახინჯონ და კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა არსებული მდგომარეობის შესახებ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოზე საუბრისას უფრო ზუსტები ვიყოთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს: აქტივისტები დააკავეს პარლამენტის შენობაზე ძალადობრივი შტურმისა და პიროტექნიკის გამოყენების გამო. 150-ზე მეტი პოლიციელი მძიმედ დაშავდა ე.წ. “მშვიდობიანი დემონსტრაციის“ დროს.

პოლიტიკოსები დააკავეს იმის გამო, რომ მათ უარი განაცხადეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე. ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური აქტი, რადიკალური ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავდა სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის იმ სურათის ჩვენებას, რომ თითქოს „საქართველოში ყველა დაპატიმრებულია“. სინამდვილეში, აქ ყველაფერი მარტივადაა. მათ შეგნებულად დაარღვიეს კანონი, რათა ციხეში მოხვედრილიყვნენ. ამისგადამოწმება ძალიან ადვილია. 

ასევე, რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, სამწუხაროა, რომ მონიტორინგის კომიტეტი საქართველოზე მხოლოდ ზედაპირული შეფასებებით შემოიფარგლება. ბოლო დროს, მონიტორინგის კომიტეტის ზოგიერთი წევრის პოლიტიკური აქტივიზმი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, პოზიციების ცალმხრივი წარმოჩენა, კითხვებს აჩენს მათ ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე საარჩევნო სადამკვირვებლო პროცესში.

გავიხსენებთ, ევროსაბჭოს კონგრესის რეზოლუციას, რომელიც საქართველოში არჩევნების გადადებას მოითხოვდა და ნეგატიურად იყო შეფასებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც თავის მხრივ ეუთო-ოდირმა შეაფასა, როგორც კონკურენტული. ყოველივე ეს ეჭვს აჩენს, რომ მონიტორინგის კომიტეტის შეფასებები მიკერძოებული იქნება და კიდევ უფრო გააღრმავებს რადიკალიზმს. აქედან გამომდინარე, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მოწვევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე
დასაკვირვებლად“ - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.