გული მწყდება, რომ ეს ქვეყანა ასეთ ოპოზიციას არ იმსახურებს და იმედს ვიტოვებ, რომ სწორი პოლიტიკური პროცესებით და მას შემდეგ, რაც ისინი საერთოდ მოსუფთავდებიან ამ ველიდან, სწორი პოლიტიკური პროცესები წარმოშობს ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს, რომელთა არსებობა აუცილებელია და ეს ჩვენც გვჭირდება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
კითხვაზე, ელოდება თუ არა ნინო წილოსანი რადიკალებს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მან აღნიშნა, რომ სხდომათა დარბაზში ოპოზიციის შესვლას - არშესვლას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
„თვითონ კი იმუქრებიან და საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, რომ თითქოს მათი მნიშვნელობა ან პრეზიდენტის მიერ სხდომის ჩანიშვნა რამე ცვლილებას იწვევდეს. რეალურად კონსტიტუცია და მთლიანად სამართლებრივი ჩარჩო ისეა აგებული, რომ უმრავლესობას შეუძლია იმუშაოს და შეიკრიბოს. ასეც მოვიქცევით და გავაკეთებთ, რადგან ქართველმა ხალხმა მოგვცა ამ ქვეყნის სახელით მუშაობის მანდატი.
ოპოზიცია, პარლამენტში შემოსვლითა და არშემოსვლითაც გააგრძელებს იმ მავნებლურ პოლიტიკას, რომელსაც აკეთებდნენ, ერთადერთი განსხვავებით, რომ პარლამენტში, პარლამენტარის სტატუსით უცხოეთში მოსიარულე ეს ადამიანები გაცილებით მეტს აშავებენ და მეტი რეგალია მეტის გაფუჭების საშუალებას აძლევთ, ამიტომ თუ ისინი არ შემოვლენ, არაფერი დაშავდება“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.