რადიკალები გაერთიანების შესახებ, არაერთი თვეა, საუბრობენ. გაერთიანება წარმოუდგენელია, როცა ნული რეპუტაციისა და მხარდაჭერის მქონე ოპოზიციურ პარტიებზე ვსაუბრობთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ეს ადამიანები არიან რადიკალები, რომელთაც არა ქართველი ხალხის, არამედ გარედან წამოსული უცხო ძალების იმედი აქვთ“.

„ზუსტად ასეთი ძალების დახმარება აღმოჩნდა „კამიტის“ შეთითხნილი საქმე. ახლა, შესაძლოა, მათ ილუზორული წარმოდგენა აქვთ, რომ გაერთიანება შეძლონ, მაგრამ არ შეიძლება, არარაობა გაერთიანდეს. წინასაარჩევნოდაც ასეთი გაერთიანება ჰქონდათ. ვინც ახლა ამბობს, რომ გაერთიანდება, არც არასდროს დაშლილან, ეს არის ერთი დიდი ბოროტების მანქანა, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სხვადასხვა დასახელებით გვევლინება. „ლელოს“ და გახარიას შემთხვევაშიც მათთვის გარედან მიღებული დავალება გულისხმობდა იმას, რომ ცალკე დამდგარიყვნენ, მაგრამ ამით ქართველი ამომრჩეველი არ მოტყუვდა და არც ახლა მოტყუვდება. ქართული საზოგადოების ჩაკეტილ წრეზე ტარება არც ახლა გამოუვათ. არ შეიძლება, ჰაერი გაერთიანდეს, არარსებული ელემენტები ვერ გაერთიანდებიან. ოპოზიცია „ნაცების“ სახით არ არსებობს, ისინი არიან დამნაშავე, ბოროტი ძალა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც ოპოზიციის პრინციპებთან და არც ხალხის წარმომადგენლობასთან“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.