ორგანიზაციები თუ მათი პარტიული წარმომადგენლები, ეს რადიკალები როდესაც აცხადებენ, თითქოს რამე ქველმოქმედებასთან გვქონდა საქმე ამ ფონდების სახით, ეს არის მტკნარი ტყუილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ისევე როგორც უცხოური დაფინანსების შემთხვევებში, ფასადურად ფინანსდებოდა ერთი-ორი ემოციური რაღაც შემთხვევა და ამით პოზიციონირებდნენ, თითქოს ქველმოქმედებას ეწეოდნენ. რეალურად, ეს ორგანიზაციები და ფონდები მიმართული იყო თანხების მობილიზაციისთვის, რომელიც შემდგომში ხმარდებოდა გარედან პროვოცირებულ სახელმწიფო გადატრიალებას და არეულობას. რა თქმა უნდა, ამ პროცესებს არ ჰქონდა არანაირი მასშტაბური მხარდაჭერა ქართველი ხალხის მხრიდან, რადგან ვხედავდით, რომ რუსთაველზე იყო შეკრებილი რამდენი ათასი, ახლა უკვე მილევად რეჟიმში კი – რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც თავისი დატვირთვით და დანიშნულებით წარმოადგენს უცხოური ძალის პროდუქტს, გარკვეულ აგენტურულ ქსელს, რომელიც პირდაპირ ფინანსდებოდა ამ წლების მანძილზე და. მათ შორის, ახლაც უკვე დაფინანსებულ აქტივობას ახორციელებდა. ამიტომ არანაირ სახალხო პროტესტს ადგილი არ ჰქონდა. ეს ორგანიზაციები თავიანთი ფონდებით და ამ ფონდების „ფეისებით“ წარმოადგენდნენ სწორედ ამ პროცესების გალამაზების მცდელობას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, რეალურად, საზოგადოება ხედავდა, რომ მათ შორის, პარტიული ოფისებიდან ამოღებული ნივთების შემდეგ აქციებზე ტემპერატურა იკლებდა და ახლაც, როდესაც საგამოძიებო პროცესების მიმდინარეობისას ამ ფონდებს მიადგნენ, საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ რაზეც ეჭვი ჰქონდა და რასაც ხედავდა, ის დადასტურდება.
მისი თქმით, სახეზე იყო უცხოური დაფინანსება, რომელსაც თავადაც არ უარყოფდნენ, სახეზე იყო უცხოეთიდან წამოსული განცხადებები და უხეში ჩარევის მცდელობები.
„ჩვენ ვხედავდით უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ აქციების დროს, გამოირჩეოდნენ ასევე რადიკალიზმით და, მათ შორის, არაერთი იქნა დაკავებული და აღმოჩენილი; ჩვენ ვხედავდით, რომ უცხოური ორგანიზაციები თავიანთი ადგილობრივი საცეცებით მუშაობდნენ თითქოს ენჯეოსახელწოდებით და, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო ისეთი რეალური, როგორც არასდროს. არაერთი ასეთი მცდელობა გვინახავს, მაგრამ ეს იყო, ფაქტობრივად, ბოლო ძალების მოკრება. წარმოუდგენელია იმაზე მეტი ჩარევა და უხეში ზემოქმედება როგორც ქვეყნის გარედან, ასე ქვეყნის შიგნით, ვიდრე ეს ხდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ. ჩვენ ვხედავდით, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ფრთხილად ართმევდა ამ ყველაფერს თავს. რა თქმა უნდა, სუს-ის დანიშნულებაა ის, რომ ხალხს როდესაც სძინავს, სწორედ ეს მშვიდი ძილი უზრუნველყოს. ფაქტია, მათ შეძლეს ბევრი რისკის აღმოჩენა და პრევენცია“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისივე განმარტებით, ის ოპოზიციას ვერ უწოდებს ადამიანებს, რომლებიც არიან რადიკალების დაჯგუფებები და მუდმივად ცდილობენ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია უზრუნველყონ.
„იმაზე, რაზეც სუს-ის ანგარიშშია საუბარი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და განცხადებებს ვაკეთებთ, გასაკვირი არაფერია, რადგან თავად ქართველი ხალხი ზუსტად რომ ადასტურებს ამ ყველაფერს. ამის დადასტურებაა ყოველ ჯერზე არჩევნებზე მოპოვებული გამარჯვება. არჩევნებზე ვლინდება, ხალხი ვის ენდობა. ხალხი ენდობა იმ ძალას, რომელიც ლაპარაკობს სიმართლეს, ქვეყანას იცავს გარე ჩარევებისგან, უნარჩუნებს სუვერენიტეტს და, მათ შორის, აზღვევს ისეთი გადატრიალების მცდელობებისგან, როგორიც ამ შემთხვევაშია. არც ველოდებით, რომ ამ გადატრიალების შემქმნელები აღიარებით ჩვენებას მოგვცემენ, მაგრამ მათი დანაშაულის დადასტურება არის სწორედ ქართველი ხალხის პასუხი. ჩხრეკები, რომელიც დღეს განხორციელდა, იყო პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც სახელმწიფო გადატრიალების, პროვოკაციების მცდელობის და მთლიანად ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების ირგვლივ მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესები“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეკითხვაზე, რა აჩვენა პროცესმა, რომელიც არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს, რადგან როგორც მმართველი გუნდი საკმაოდ ხშირად ამბობს, ქართული ოპოზიცია დავალებებს ქვეყნის გარე აქტორებისგან იღებს, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ პროცესმა აჩვენა ის, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ სამშობლო.
„სამშობლო როდესაც არ გაქვს, მოქმედებ ზუსტად ისე, როგორც, მაგალითად, მოქმედებს ვანო ჩხიკვაძე. ვინმე თუ უბრალოდ დაინტერესდება და ამოიღებს სამაგალითოდ სერგო ორჯონიკიძის წერილებს, რომლებიც მიემართებოდა სტალინს, იდენტურია ვანო ჩხიკვაძის მიმართვის, რომელიც მიემართება ბრიუსელს. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვის ემონები, საბჭოთა ხელისუფლებას თუ ბრიუსელის ბიუროკრატიას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ ხარ შენი ქვეყნის პატრიოტი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.