„ლელოს“ ახალ ფორმირებას რომ შევხედოთ, ალბათ ყველაზე კარგი შეფასება იქნება, რომ ეს არის პოლიტიკური, ამორალური ბაკჰანალია. ის ადამიანები, რომლებსაც არ აერთიანებთ არანაირი საერთო აზრები და იდეები, ფულის მეშვეობით გაერთიანდნენ. მიზიდულობის ძალა მხოლოდ იმ ფულმა შექმნა, რომელიც „ლელოშია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, „ლელოში“ გაერთიანებულ ადამიანებს ამოძრავებთ ერთადერთი ინტერესი, როგორღაც მოვიდნენ ხელისუფლებაში და ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება, რათა საქართველოს დაუნგრიონ ეკონომიკა.
„ამის ძალიან ნათელი მაგალითი გვაქვს ანაკლიის პროექტის სახით, რომელიც „ლელოს“ ლიდერებმა ჩააგდეს. ასევე, ძალიან დიდი მაგალითი გვაქვს, როგორი ფორმით დანგრევას აპირებენ საქართველოს ეკონომიკის. აპირებენ, რუსეთის დასანქცირებას და მასთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას, რაც, იცით, რამდენად მნიშვნელოვან და დიდ როლს ასრულებს ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებში. ყველა მათი მოთხოვნა საბოლოოდ, გრძელვადიან ჭრილში მიგვიყვანს ქვეყნის დეგრადაციამდე. ამ იდეით არიან ისინი გაერთიანებული“, – აღნიშნა წილოსანმა.
ამასთან, ნინო წილოსანი ამბობს, რომ ლევან ცუცქირიძე არის „ნაცების“ რუპორი და ცუცქირიძის ოფიციალურად შეერთებით „ლელო“ უკვე გაფორმდა, როგორც „ნაცური“ პარტია.
„რაც შეეხება ლევან ცუცქირიძის გაერთიანებას, ვფიქრობ, ეს გაერთიანება პირდაპირ აფორმებს „ლელოს“, როგორც ნაცისტურ პარტიას. ლევან ცუცქირიძე არის „ნაცების“ რუპორი. ის 2008 წლიდან იყო „ნაცების“ „გამპრავებელი“. მან სააკაშვილს არჩევნები „გაუპრავა“. ის რჩებოდა ყოველთვის „ნაცების“ მსახურად. ახლაც „ლელოს“ ფარგლებში გააგრძელებს ნაცისტური იდეების მსახურებას. ლევან ცუცქირიძის ოფიციალურად შემოერთებით „ლელო“ უკვე დეკლარირებულად გაფორმდა, როგორც „ნაცური“ პარტია“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.