უკვე დიდი რისკია ბიძინა ივანიშვილზე ფიზიკური თავდასხმის, გასაკვირი ის არის, რატომ ანერვიულდნენ უსაფრთხოების ნორმებით ჩვენი ოპონენტები, რაიმეს მართლა ხომ არ გეგმავდნენ? - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, რომელიც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლისას უსაფრთხოების ზომების გამოყენებას შეეხებოდა.
„ბიძინა ივანიშვილი 2012 წლიდან რჩება ქვეყნის მშვიდობიანი და წარმატებული განვითარების გარანტად. რა თქმა უნდა, არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ ოპონენტების მხრიდან თავდასხმების ობიექტია არა მხოლოდ კრიტიკის თვალსაზრისით, არამედ სამწუხაროა, რომ უკვე დიდი რისკია მასზე ფიზიკური თავდასხმის და სხვადასხვა საშიშროების მიმართულებით. ეს კარგად დაგვანახა მათ შორის საზღვარგარეთ მიმდინარე პროცესებმა და პოლიტიკოსებზე იმ თავდასხმებმა, რისი დიდი შესაძლებლობაც არსებობს, რომ საქართველოშიც განმეორდეს გლობალური ომის პარტიის მხარდამჭერების მხრიდან. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი მათი ნომერ პირველი სამიზნეა, ხოლო ჩვენთვის ნომერ პირველი ადამიანია, ვისი დაცვაც და უსაფრთხოებაც გარანტირებული უნდა იყოს.
რაც ვნახეთ, ეს იყო უსაფრთხოების სპეციალური ნორმები, რაც ლოგიკური და ადეკვატური იყო. გასაკვირი ის არის, რამ შეაშფოთა ჩვენი ოპონენტები და რატომ ანერვიულდნენ უსაფრთხოების ასეთი ნორმებით. რაიმეს მართლა ხომ არ გეგმავდნენ, ან რაზე დაწყდათ გული?”, - განაცხადა ნინო წილოსანმა