ყველა მისია, რომელსაც შევხვდით, გვეუბნებოდა, რომ არ აქვთ შეკითხვები დარღვევების მასშტაბთან დაკავშირებით. ისინი სწორედ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ფიქრობენ, რომ ძალიან პრობლემური არჩევნები იყო, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ ერთ-ერთი მედიის ეთერში კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, ლომჯარიას მედიის წარმომადგენელმა კითხვა დაუსვა: „რა კომენტარს გააკეთებთ გარკვეულ კრიტიკაზე, მათ შორის დამკვირვებლების, სადამკვირვებლო მისიების მიმართ, რომ მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებით რამდენად საკმარისად იყო გაწეული შრომა, რა იყო შედეგი, რომელიც მიიღეს ამ მისებმა. ბრიუსელიდან იოზვიაკის წერილში თითქოს იყო რაღაც მინიშნება, არის თუ არა საკმარისი მტკიცებულებები, რა უნდა გამოიკვლიოს მისიამ“.

„არ ვიცი, არ გამიგია, რა კრიტიკაზე საუბრობთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. სიამოვნებით მოვისმენდი, თუმცა არ მსმენია ვინმესგან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა არასაკმარისად იმუშავეს. რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოებას, ყველა მისია, რომელსაც შევხვდით, გვეუბნებოდა, რომ არ აქვთ შეკითხვები დარღვევების მასშტაბთან, სიმძიმესთან დაკავშირებით და ისინი სწორედ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოპოვებული და მათთან გაზიარებული მტკიცებულებების საფუძველზე ფიქრობენ, რომ ძალიან პრობლემური არჩევნები იყო“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ჟურნალისტმა ნინო ლომჯარიას ასევე მიმართა: „კრიტიკა არ იყო პერსონალურად თქვენზე ან სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე, უფრო იმაზე, რომ ბრიუსელი ვერ ხედავს მასშტაბს მტკიცებულებებისას, რის საფუძველზეც იტყოდა უფრო მეტს, უფრო მკაცრად და უფრო კონკრეტულად, რაც ლეგიტიმაციას არ მისცემდა „ოცნებას“.

საკითხზე საუბრისას ლომჯარიამ აღნიშნა, რომ სიამოვნებით მოისმენდა, რა იქნებოდა საკმარისი მტკიცებულება.

„საინტერესოა, სად გაჟღერდა ეს, მეც სიამოვნებით მოვისმენდი, რა იქნებოდა საკმარისი მტკიცებულება. რატომღაც ჩვენ შევეჩვიეთ ან, შესაძლოა, იქ, ბრიუსელში, გარკვეულ წრეებში არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ მისაღებია, მაგალითად, ძალადობრივი არჩევნები საქართველოში ან ჩვენ უნდა მოვითმინოთ სხვის ნაცვლად ხმის მიცემის, ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები. ეს არ არის ნორმალური შემთხვევები. არ შეიძლება, საქართველოს და საქართველოს არჩევნებს ვუყუროთ ისე, რომ რაღაცები აქ დასაშვებია, მისაღებია, მაგრამ ეს არ შეიძლება, იყოს მისაღები, ვთქვათ, ევროპულ ქვეყნებში. ჩვენც ისევე ვიმსახურებთ სამართლიან არჩევნებს, იგივე უფლებით ვსარგებლობთ საქართველოს მოქალაქეები და იგივე სტანდარტს ვითხოვთ ჩვენი არჩევნებისგან, როგორც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა.

ამ ქვეყანაში პირადად ვაკვირდებოდი არჩევნებს 2007 წლიდან და არ მახსენდება არცერთი არჩევნები, სადაც ამდენი მტკიცებულების მოპოვება და ასეთი მრავალფეროვანი, მრავალმხრივი მტკიცებულების დოკუმენტირება ყოფილიყო – საჩივრები, დოკუმენტური მტკიცებულებები, ვიდეო, ფოტომასალები. ეს, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიების განვითარებამაც მოიტანა, ამ ყველაფრის ფოტო-ვიდეო გადაღება ხდებოდა. ვფიქრობ, საკმარისზე მეტი მტკიცებულება არის იმისთვის, რომ ეს არჩევნები შეფასდეს, როგორც არასამართლიანი, არათავისუფალი, სადაც დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა. ეს არის ამის ფუნდამენტური პრინციპი, რის გარეშეც, უბრალოდ, არჩევნები არ ითვლება არჩევნებად. შესაბამისად, სიმართლე გითხრათ, სიამოვნებით გავესაუბრებოდი ასეთ სკეპტიკოსებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მტკიცებულებები, რომლებიც სადამკვირვებლო ორგანიზაციების ხელთ არის, არ არის საკმარისი დარღვევების მასშტაბის შესაფასებლად“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სტატიაში დაწერა: „ევროკავშირისთვის პრობლემის ნაწილია ის, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე რეალური უდავო მტკიცებულება არ არსებობს“.