PACE-ს პრეზიდენტის თხოვნით შედგა შეხვედრა, ჩვენ მას განვუმარტეთ, რომ საქართველო მზად არის, იყოს აქტიური მონაწილე არა მხოლოდ ევროპის საბჭოსი და სტრასბურგის სასამართლოსი, არამედ ევროპის საპარლამენტო ასამბლეის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ უნგრეთში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელია, როდესაც რამდენიმე დეპუტატი სხვადასხვა ქვეყნიდან სრულიად უსაფუძვლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს ისე, რომ მათ ამის არანაირი საფუძველი არ აქვთ.
„ისინი ასევე კითხვის ქვეშ აყენებენ მოსახლეობის 54 პროცენტის ნებას. ჩვენ მას განვუმარტეთ, რომ ჩვენ სხვა არანაირი პრობლემა ასამბლეაში მონაწილეობაზე არ გვაქვს. ერთადერთი, რის გამოც შევაჩერეთ წევრობა, არის ის, რომ დელეგაციის მანდატი კი იყო ცნობილი, ოღონდ, ამ ცნობას გარკვეული პირობები მოჰყვებოდა. მან გვითხრა, რომ ეს არ იყო აუცილებლად შესასრულებელი პირობები, თუმცა დოკუმენტში ასე არ იკითხებოდა. ამიტომ, მანაც გამოხატა მზადყოფნა, რომ ვითანამშრომლოთ და ვიმუშაოთ, რომ საქართველო დაბრუნდეს ასამბლეაში. მან გვითხრა, რომ ასამბლეის წევრების დიდ ნაწილს სურს, რომ საქართველო ამ ასამბლეის სრულფასოვანი წევრი იყოს და დელეგაცია მუდმივად იყოს წარმოდგენილი. ჩვენ ნებისმიერი სახის დისკუსიისთვის მზად ვართ – ერთადერთი პირობა, რასაც ვაყენებთ, არის ის, რომ დელეგაციის მანდატი ცნობილი უნდა იყოს ყველანაირი წინაპირობების გარეშე“, – განაცხადა სამხარაძემ.