საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ჟან-ფრანსუა რაპენს და კომიტეტის წევრებს შეხვდა.
შეხვედრისას, 12 რეკომენდაციისა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.
მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და შიდაპოლიტიკური საკითხები.
„შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების გარემო. ფრანგი კოლეგები დაინტერესდნენ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებით და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებით. კითხვები ასევე ეხებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სენატში გამართულ შეხვედრისას ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე, მას შემდეგ რაც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას უკვე აქვს ევროპული პერსპექტივა. ყურადღება გამახვილდა ივლისის დასაწყისში თბილისში დაგეგმილ ფრანკოფონიის გენერალურ ასამბლეაზე.
„როგორც სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა შეხვედრისას აღნიშნეს, მათთვის გულდასაწყვეტი იყო, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიენიჭა, თუმცა იმედი გამოთქვეს, რომ წელს ეს შეიცვლება. საფრანგეთი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის წევრები დავით სონღულაშვილი და დავით მათიკაშვილი მონაწილეობდნენ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება.