ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს მადრიდის უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაში თემაზე: „ნატოს 75-ე წლისთავი, გაფართოება რუსეთის საფრთხის ქვეშ“.

კონფერენცია ეძღვნებოდა ნატოს დაარსების 75-ე წლისთავს და მის სამომავლო გაფართოებას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ სწორედ, საქართველო იქნება ნატოს შემდეგი ახალი წევრი სახელმწიფო.

„საქართველო დღეს უკვე არის მზად, რომ გახდეს ნატო-ს წევრი, რადგან საქართველოს თავდაცვის ძალებს არ აქვს ნატოსთან თავსებადობის პრობლემა.

საქართველო თავისი დემოკრატიული რეფორმებით და პროგრესით დღეს უსწრებს ნატო-ს არაერთ სახელმწიფოს და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ნატო-ს წევრობის კრიტერიუმები დაკმაყოფილებული გვაქვს და ველოდებით მათ გადაწყვეტილებას გაფართოებაზე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, იმყოფება სადაც შეხვედრებს მართავს ესპანეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე  და ესპანეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი.