ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია სახელწოდებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს. მას შემდეგ რაც პარტია დეპუტატების უმრავლესობამ დატოვა, მათ კანონის შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ ფრაქციისთვის სახელი შეეცვალათ და მას "პროგრესი" დაარქვეს.

ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტია "ახალს" უერთდებიან. პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენილები კი ქუთაისის საკრებულოში საქმიანობას უფრაქციო დეპუტატებად გააგრძელებენ.

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მათთვის მთავარია მოხდეს ცვლილებები, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. მისივე თქმით, არ ფლობს ინფორმაციას ჩააყენეს თუ არა საქმის კურსში უკვე ყოფილმა პარტიის წევრებმა ცენტრალური ოფისი მათ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 

„ახალის" ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ არავინ კოლექტიურად არ ტოვებს პარტიას არავის ხათრით. მისივე თქმით, ენმ-ს უკვე ყოფილი წევრებისთვის მიუღებელია, რომ პარტიას მერაბიშვილი-კეზერაშვილი მართავდეს.

„ქუთაისის არა მხოლოდ დეპუტატთა უმრავლესობამ გამთქვა სურვილი შემოუერთდეს პარტია "ახალს, არამედ ქუთაისის პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ბირთვის, 70% როდესაც ტოვებს პარტიას, მე ვფიქრობ აქ ყველაფერი ცხადზე უცხადესია. არავინ ასე კოლექტიურად არ ტოვებს პარტიას არც ორი ნიკას ხათრით, არც არავის ხათრით, რწმენის და შეხედულებებისამებრ იღებენ ეს ადამიანები გადაწყვეტილებას, პატრიოტი ადამიანები, რომელთათვის მიუღებელია პარტია იმართებოდეს კულუარულად. მათ უნდათ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ცვლილება, მაგრამ ისინი ქუთაისელები არიან, იქ დაიბადნენ და იქ გაიზარდნენ და იციან, რომ ერთი, ელექტორალურადაც შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლო ვანო მერაბიშვილითა და კეზერაშვილით და მათ პარტიაში ყოფნა, ძალიან ბევრ ადამიანს, მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ აღარ უნდოდა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ბავშვიც ხვდება, რომ შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება, როდესაც პარტიას მართავს კეზერაშვილ-მერაბიშვილი", - ამბობს ნიკა მელია.