სალომე ზურაბიშვილის ხედვა, როგორ შეიძლება, მართლმსაჯულებაში ტრადიციული პრობლემა გადაწყდეს, როგორ არის შესაძლებელი, დამარცხდეს კორუფცია, თანხვედრაში მოდის ჩემს ხედვასთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მე რაც მოვისმინე სალომე ზურაბიშვილისგან, მას აქვს ისეთი ხედვა, რომელიც თანხვედრაში მოდის, მაგალითად, ჩემს ხედვასთან, როგორ შეიძლება, მართლმსაჯულებაში ტრადიციული პრობლემა გადაწყდეს, როგორ არის შესაძლებელი, კორუფცია დამარცხდეს, როგორ არის შესაძლებელი, ქვეყანაში დოვლათს ქმნიდეს არა მხოლოდ 100 ადამიანი, არამედ თანაბრად ნაწილდებოდეს საქართველოს მოქალაქეებზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ხედვაა საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება, რომელიც მეტ-ნაკლებად ხელს შეუწყობს სხვადასხვა სუბიექტს, რომ კონკურენტუნარიან გარემოში აღმოჩნდეს.
„დიდი წინააღმდეგობა შეგვხვდება ჩვენ „ქართული ოცნების“ მხრიდან, მაგრამ აქ მხარდაჭერა არსებობს და იარსებებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და პოსტარჩევნები, როგორ ვხედავთ უმნიშვნელოვანესი რეფორმების გატარების გზებს. პირველ რიგში, მართლმსაჯულების სისტემაში და ასევე სახელისუფლებო შტოები ერთმანეთისგან როგორ უნდა იყოს დამოუკიდებელი. ეს თუ ვერ მოხერხდა, ნიშნავს, რომ შენ ბიძინა ივანიშვილს, გამარჯვების შემთხვევაში ანაცვლებ. კი არ ამარცხებ კორუფციას, ოლიგარქიულ სისტემას, არამედ უბრალოდ ანაცვლებ. ამ კონკრეტიკაზე იყო საუბარი და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც, რაზეც ახლა თავს შევიკავებ.
მე მივიღებ მონაწილეობას ყველა იმ პროცესში, რომელიც ემსახურება და მიზნად ისახავს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, სადაც სახელები და გვარები გახელისუფლებული ადამიანებისა, ვერ აიგდებენ საქართველოს მოქალაქეებს აბუჩად. იქ, სადაც ეს ინტერესი იქნება ჩადებული, მე ნამდვილად მივიღებ მონაწილეობას ასეთ პროცესში. იქ, სადაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, სადაც კორუფცია დამარცხდება, იქ, სადაც გამბედავი იქნება ყველა, მათ შორის ოპოზიციაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.