პროტესტი არ შეჩერდება - ყაიმით ეს პროცესი ვერ დასრულდება, ეს პროცესი დამთავრდება ხალხის გამარჯვებით, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეების გეგმაა, რომ პროცესი სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდეს.
"სამოქმედო გეგმა არის ის, რომ დასრულდება პროცესი სიმშვიდით, სიმტკიცით და სახელმწიფოს გამარჯვებით. ივანიშვილი ქვეყანას საგარეო პოლიტიკურ კურსს ვერ შეუცვლის. გეგმაა, რომ ქვეყანა, როგორც სახელმწიფო შედგეს და ევროპული და ეროვნული იდეა იყოს გამარჯვებული ამაზე მეტი იდეა და გეგმა რა უნდა არსებობდეს?
პროტესტი არ შეჩერდება, რასაც ხედავთ ასე იქნება. ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის, სახლი, ოჯახი, სამსახური არის რუსთაველის გამზირი, სანამ არ იქნება სახელმწიფოებრივი საფრთხე განეიტრალებული. ყაიმით ეს პროცესი ვერ დასრულდება, ეს პროცესი დამთავრდება ხალხის გამარჯვებით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მოქალაქეები უკვე სამი დღეა აპროტესტებენ. 17 აპრილს, პარლამენტის უკანა შესასვლელთან მომიტინგეები 12:00 საათიდან შეიკრიბნენ, ხოლო 19:00 საათიდან აქცია პარლამენტის წინ გაგრძელდა.
მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეების მიერ "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევისთვის ხელისუფლებისთვის მიცემული 1 - საათიანი ვადა ამოიწურა, დემონსტრანტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის “ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.