მიმაჩნია, რომ პარლამენტში აქტიური საქმიანობა არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ იქაც შეექმნას დისკომფორტი ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, არავის ზღუდავს, პარლამენტში საქმიანობის პარალელურად, ოპოზიციამ ქუჩაშიც გამოხატოს საკუთარი პროტესტი.
„პარალელურად, არავინ ზღუდავს არავის ქუჩის მანიფესტაციებისაგან, დემონსტრაციებისაგან. მიმაჩნია, რომ ან ხარ პარლამენტში და იქ პოლიტიკურად იბრძვი, ან, უბრალოდ, უარს ამბობ საპარლამენტო საქმიანობაზე და აღარ ხარ დეპუტატი, უერთდები საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ქუჩაში დგას. ამ საკითხის შუალედური გადაწყვეტა ბოიკოტის სახით, ჩემი აზრით, პროცესისთვის არის დამაზიანებელი და მხოლოდ ხელისუფლებისთვის არის ხელსაყრელი. ვიმეორებ, ან ხარ პარლამენტში და პოლიტიკურად იქ იბრძვი, ან საერთოდ არ ხარ. ბოიკოტი, რბილად რომ ვთქვათ, ჩემთვის არის გაუგებარი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.