რაც გახდა გამჭვირვალე, თქვენი განზრახვაა. არავინ მოტყუვდება, არავინ დაიღლება და არაფრით გაგივათ, ეს ქვეყანა არ გაიყიდება! - ამის შესახებ პარტია "ახალის" ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს:
"სანამ ხელისუფლება რუსული კანონის კოპირებულ ვარიანტს, მთლიანად ცინიკურად, ეძახის გამჭვირვალობის კანონს და საზოგადოება დგას ფეხზე პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, პარლამენტში დაჩქარებულად, მეორე მოსმენით, მტკიცდება საქართველო შავი ფულის გათეთრების ქვეყნად.
ანუ მას შემდეგ, რაც ოფშორებში, გაძლიერდა მონოტორინგი და გამჭვირვალობა, შესაბამისად, ფულმა დაიწყო გადინება, კანონპროექტის განხილვის ტექსტში წარმდგენი ამბობს, სიტყვა სიტყვით "თუ გადმოვლიენ აქ, გაათეთრებენ", თან ფულს შემოიტანენ დაუბეგრავად, ისე რომ ცენტი არ დაკარგონ.
ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანა აქცია სანქციების გვერდის ავლის პუნქტად, სანქცირებულ პირ ფარცხალაძეს შეუქმნა და აამოქმედა სანქციების გვერდის ავლის კორიდორი, სანქცირებულ მოსამართლეთა კლანის სახით, რომელთაც უნდა დაადასტურონ სანქციების სამართლიანობა, ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანა აქცია ქოლ ცენტრების, ანუ ევროპელი პენსიონერების ძარცვის ჰაბად, დაჩქარებული წესით ცდილობს ქვეყანა აქციოს შავი ფულის შავ ხვრელად და ამის ფონზე, ცინიკურად საუბრობს "გამჭვირვალობაზე".
რაც გახდა გამჭვირვალე, თქვენი განზრახვაა. არავინ მოტყუვდება, არავინ დაიღლება და არაფრით გაგივათ, ეს ქვეყანა არ გაიყიდება!"- წერს ნიკა მელია.