მედიით შევიტყვეთ, რომ თურმე ჩვენი პოლიტიკური საბჭოს წევრი გია ხარჩილავა სხვა პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოში შესულა, ერთი წინადადება მაინც მოეწერა და ეთქვა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მაჭუტაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მეგობრებო, თავს ვალდებულად ვთვლი, გავაკეთო ერთი განცხადება თუ განმარტება: წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა ჩვენი პარტიის, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი იყო დღემდე. 2016 წელს იყო ჩვენი პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატი წალენჯიხა-ჩხოროწყუში. 2017 წლიდან იკავებდა რეგიონული მდივნის თანამდებობას. 2020 წელს არჩეული იქნა პარტიის ახალ პოლიტსაბჭოში.
2021 წელს „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ კვოტით მე წარვუდგინე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელობას მისი კანდიდატურა წალენჯიხის მერის არჩევნებში – დაადასტურებენ კობა ნაყოფია, ნუგზარ წიკლაური, ლევან გახელაძე, მიხეილ ანთაძე და სხვები. (ცნობისთვის: ჩვენ ერთიან კოალიციაში/ბლოკში ვართ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ 2018 წლიდან ყველა არჩევნებში, როდესაც დავაფუძნეთ „ძალა ერთობაშია” ამსტერდამში, საქართველოდან და უკრაინიდან დევნილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად).
დღეს კი, მედიით შევიტყვეთ, რომ თურმე ჩვენი პოლიტიკური საბჭოს წევრი გია ხარჩილავა სხვა პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოში შესულა.
გია ხარჩილავა არამხოლოდ თანაპარტიელი იყო, არამედ მეგობარიც იყო ჩვენი და ძალიან, ძალიან სამწუხარო, გამაოგნებელი და პირდაპირ ვიტყვი, სამარცხვინო ამბავია, როდესაც მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ მედიის მეშვეობით გავიგეთ. ერთი წინადადება მაინც მოეწერა და ეთქვა.
P.S. სხვათა შორის, ზოგიერთი მისი ახლანდელი თანაპოლიტსაბჭოელი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა გიას კანდიდატურას და სერიოზული შიდაკოალიციური მუშაობის გაწევა დაგვჭირდა. დღეს კი, სწორედ იმ პოლიტიკურ საბჭოში ამოყო თავი, სადაც თურმე, მისი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერის, ნუგზარ წიკლაურის ადგილი არ ყოფილა“,- წერს ნიკა მაჭუტაძე.