ლავროვის ოჯახი ვეღარსად ვეღარ დადის და დროის სატარებლად საქართველოში ჩამოდის. თავად ლავროვი ვეღარსად ვეღარ დადის და მის ნაცვლად რუსეთის მესიჯებს ახმოვანებს ღარიბაშვილი. არა რუსეთის ტრადიციული სატელიტები - შუა აზია, სომხეთი ან სხვა, არამედ საქართველოს პრემიერი. - ამის შესახებ მსჯავრდადებული "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
"ღარიბაშვილის ტექსტები კატარში იყო სრული კატასტროფა, სრული - ყოველი სიტყვა.
არც რუსული კანონი, არც ფრენების აღდგენა, არც პოლიტპატიმრები ან სხვა არ არის მიახლოებით თანაზომადიც კი იმ უმძიმეს, ღიად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან, რასაც ღარიბაშვილი საერთაშორისო ფორუმებზე სჩადის. ის აკეთებს იმას, რასაც გააკეთებდა ლუკაშენკო, სადმე რომ იწვევდნენ სასაუბროდ. დღეს საქართველო არის დასავლურად შეფუთული ბელარუსი (ჯერ კიდევ დასავლურად შეფუთული). საქართველო დღეს გრუზიაც კი აღარაა - ბელოგრუზიაა.
ამიტომაც, ვფიქრობ, უნდა გავძლოთ და მკაფიოდ ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს თუ რა დასავლურ სტატუსებს, (მიტინგების მეშვეობით მოპოვებული, სპორტული გამარჯვებებით როგორი მნიშვნელობითაც არ უნდა იყოს) და სოციოლოგიური კვლევების აღმაფრთოვანებელი შედეგებით არ წყდება და ეს სამართლიანიცაა, რადგან ხალხი იმსახურებს ევროპას, თუ ევროპას ის, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანაში მოიპოვებს. ამ საკითხის სხვაგვარი განმარტება არის არაგულწრფელობა საკუთარ ხალხთან და ევროპის მოტყუება და მასთან ვაჭრობა. ნუ გადავაქცევთ სტატუსს სპორტულ ინტერესად, გულზე დასაკიდებელ მედლად, ეს არ არის აზარტის საკითხი, ეს სამართლიანობის და რაციონალურობის საკითხია.
თუ ევროპელობა გვინდა, თავად უნდა შევძლოთ, ამ საკითხს მივუდგეთ ევროპული წესიერებით, მორალური სიცხადით, ბრძოლისუნარიანობით და თანმიმდევრულობით. ამავე პრინციპებზე უნდა ავაგოთ საკუთარი შეფასებები და განცხადებებიც.
გინდა ქვეყნის შიგნით, გინდა ქვეყნის გარეთ, ყველაფერი, რაც მორალურად ბუნდოვანია, სამართლიანობას მოკლებულია, რაციონალურობის ჩარჩოდან გასულია, აძლიერებს არსებულ სტატუს-კვოს, სიცოცხლეს უხანგრძლივებს მას. და რა გინდა რა მედლები არ უნდა დაგვკიდონ გულზე, სანამ ეს ხელისუფლება გვყავს, დასავლურ ოჯახს ვშორდებით, თავისუფალი ვარდნის რეჟიმში.
ქართველი ხალხი იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, ერთადერთი გზით შეიძლება გაირკვეს - თუ და მაშინ, როცა დაამტკიცებს, რომ არ იმსახურებს ამ ხელისუფლებას.