8 ივლისამდე უნდა მივიღოთ სწორ კონფიგურაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომლითაც ამომრჩევლის წინაშე წარვდგებით,- ამის შესახებ პარტია „ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ ერთობის დეკლარაციაზე საუბრისას განაცხადა.

„ერთიანობის ქარტია” არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი და ქართული პროდასავლური ოპოზიციის წარმატება. ამ დოკუმენტით ბევრი საკითხი არის შეთანხმებული. მთავარი არის შემდეგი, 8 ივლისამდე უნდა მივიღოთ სწორ კონფიგურაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომლითაც წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე. ეს არ არის აუცილებლად ერთი სია, ჩვენ გადაწყვეტილება პასუხისმგებლობიანად და რაციონალურად უნდა მივიღოთ და არა რაიმე პირად გადაწყვეტილებებზე დაფუძნებით. მეორე, ეს არის განაცხადი, რომ ჩვენ არცერთი ფორმით არ დავეხმარებით ბიძინა ივანიშვილს მთავრობის შექმნაში”, - განაცხადა გვარამიამ.