20 წელია ვიცნობ დათო კირკიტაძეს და ახლა ვნახე და ახლა ვისმინე თურმე რა ენამჭევრი ვინმე ყოფილა,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.
„სერიიდან:
დეპუტატთა გალერეა
ეს ბიჭი ციცერონი ყოფილა!- მესმის როსტომის შემოხმიანება, სწორედ იმ დროს მე რომ ჩემთვის ვიფიქრე:
- ეს რა ორატორი ყოფილა!
ორივე, მეც და როსტომიც დათო კირკიტაძეს ვგულისხმობდით ორატორსა და ციცერონში.
ისეთი ცეცხლი დაანთო ტრიბუნაზე, ისე ძალდაუტანებლად და რიხიანად საუბრობდა, ხან მინისტრს მიმართავდა, ხან დარბაზს, ხან ამომრჩეველს ანუ ტვ მსმენელს, თან რეპლიკაზე ეპასუხებოდა ოპონრნტს და თან სიტყვას აგრძელებდა სწორედ იმ ფრაზიდან, სადაც მორეპლიკე ჩაერთობოდა, თან ხმაურის ამტეხებ ოპონენტებს ეპასუხებოდა და ამუნათებდა, მინისტრის კარგ გამოსვლას ჩრდილს ნუ აყენებთო, თან თავმჯდომარეს სთხოვდა, დრო დამიმატეთ, ხომ ხედავთ, მომაცდინესო, თან ბანერ/ტრანსპარანტს ატრიალებდა, ხელიდან ხელში გადაჰქონდა და არ ეშვებოდა, ხალისობდა, ქოცებს და ზექოცებს ალერგია რომ ჰქონდათ იმის დანახვაზე, თან ფურცლებიდან რაღაცას ამოიკითხავდა და თან იმ ფურცლებსაც ბანერ/ ტრანსპარანტად აქცევდა, თან ციბრუტივით ტრიალებდა ყველა მხარეს და თან ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა…
-ეს რა ორატორი ყოფილა!- ვფიქრობ მე.
- ეს ბიჭი რა ციცერონი ყოფილა!- ამბობს როსტომი.
20 წელია ვიცნობ დათო კირკიტაძეს და ახლა ვნახე და ახლა ვისმინე თურმე რა ენამჭევრი ვინმე ყოფილა.
ყოფილა!.. “- წერს ნატო ჩხეიძე.