არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ გრძელვადიანად ლარის კურსს რაიმე ემუქრებოდეს და გაუფასურების ტენდენციით ხასიათდებოდეს. ასევე შეგახსენებთ, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ლარი ისტორიულად გამყარებულია და ამან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ინფლაციის შემცირებაში, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

„აღნიშნულის ძირითადი ამოცანა იყო, რომ ეს მოკლევადიანი ნეგატიური მოლოდინები, რომელიც ისევ და ისევ აჟიოტაჟით იყო განპირობებული, ჩაგვეცხრო და ასეც მოხდა. ბაზარმა დაიწყო დაბალანსება, დამშვიდება. ლარის კურსის გამყარების პირველი ნიშნები გუშინ ჩვენ უკვე გვქონდა და ვფიქრობთ, მომდევნო რამდენიმე დღეში ბაზარი კვლავაც გაწონასწორდება. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ეს პროცესი გარდაუვალია.

პირველ რიგში, არც ერთი მაკროეკონომიკური, ფუნდამენტური ფაქტორის გაუარესება, რომელიც ზოგადად, ზემოქმედებს ლარის კურსზე, დღეს ჩვენ სახეზე არ გვაქვს. ეს ფუნდამენტური ფაქტორებია, მაგალითად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი არ გაუარესებულა და პირიქით, ერთ-ერთი საუკეთესოა ბოლო წლების განმავლობაში; კვლავაც მაღალია ეკონომიკური ზრდა, დაბალია ინფლაცია; სავალუტო შემოდინებები ჩვენს ბაზარზე, რაც მნიშვნელოვანია, კვლავაც სტაბილურად და ძლიერად მიეწოდება საქართველოს საფინანსო სისტემას. კერძოდ, ტურიზმიდან შემოსავალი პანდემიამდე არსებულ დონეს ბევრად აჭარბებს. იგივე გზავნილები - თვიდან თვემდე არის სტაბილური, საგარეო ვალის დონე დაღმავალი დინამიკით ხასიათდება. არაფერი არ მიანიშნებს იმაზე და არ განაპირობებს, რომ გრძელვადიანად ლარის კურსს რაიმე ემუქრებოდეს და გაუფასურების ტენდენციით ხასიათდებოდეს. ასევე შეგახსენებთ, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ლარი ისტორიულად გამყარებულია და ამან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ინფლაციის შემცირებაში. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს არის მოკლევადიანი რეაქცია, აჟიოტაჟი და იგი, მათ შორის ჩვენი ჩართულობით, ჩაცხრება მომავალი დღეების განმავლობაში“, - განაცხადა თურნავამ.