„საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებით დავიწყებ, სადაც აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრს ევროკომისარმა სლოვაკეთის პრემიერზე განხორციელებული თავდასხმა შეახსენა, ეს არ ჯდება არცერთ ფორმატში, ეს არც პოლიტიკაა, არც დიპლომატია. ეს არის პირდაპირ შანტაჟი, კრიმინალი და ამ ევროკომისრის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება“,- განცხადება ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ნათია მოდებაძემ გააკეთა.
„რაც შეეხება ქართულ კანონს გამჭვირვალობის შესახებ, კიდევ ვიტყვი რაც დასაწყისშივე ვთქვი - პრობლემა კანონთან არა, ფინანსების გამჭვირვალობის და მიზნობრიობის საკითხთან დგას და დანარჩენი უბრალოდ მიზეზია, არეულობის დასაორგანიზებელად, აღნიშნულზეც უსაუბრია ბატონ ვარჰეის - ვუთხარი, ქუჩაში არეულობა იქნებაო. რაც მინიმუმ პოლარიზაციისთვის ხელის შეწყობას ნიშნავს, მაშინ როცა ამ საკითხის მოგვარებას თავად გვთხოვენ“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.
მისივე თქმით, ბოლო დროს განსაკუთრებულად გააქტიურდა პროცესები, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით პოლიტიკურ პროცესებში კონკრეტული პირები ერთვებიან და ამ პროცესებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. რასაკვირველია, ეს კარგია, მეტიც, აუცილებელია დემოკრატიისათვის. თუმცა, მათი ჩართულობისას მიზნებისა და ფინანსური წყაროს დადგენა სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როცა ევროკავშირის მიერ 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი გადაწყვეტილებებში ყველა დონეზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობის უფლების მოთხოვნაა.
„დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ხელისუფლება ხალხის უმრავლესობის მიერაა არჩეული, სწორედ ის გახლავთ ანგარიშვალდებული ამ ქვეყანაში მშვიდობიანად პროცესების მართვაზე და მასზეა პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ის რაც მისაღებია მთელი მსოფლიოსთვის, რატომ არის მიუღებელი საქართველოსთვის?
ქვეყანას, რომლის ხელისუფლებაც ცდილობს დაგვიცვას მეორე ფრონტისგან, დაიცვას ამ ქვეყნის სუვერენიტეტი. სწორედ ამ მიდგომით მოხერხდა, რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ევროკავშირის წევრობაზე, გვაქვს მიღწევები საერთაშორისო ასპარეზზე. მეგობრებო, საზოგადოება აკვირდება და ხედავს, ვინ დგას ყველა იმ პროცესის უკან, აკვირდება ყველა იმ აქტივობას, მშვიდობის სახელით, ახალგაზრდობას, ბავშვებს ზურგსამოფარებულნი რომ მართავენ. დროა, და შესაძლოა დაგვიანებულიც კია, გამჭვირვალე გახდეს ყველა პროცესი, რომელიც ჩვენს გარშემო მიმდინარეობს, რადგან თითოეული გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის , ჩვენი ოჯახების, ჩვენი შვილების მშვიდობიან მომავალზე“, - განაცხადა ნათია მოდებაძემ.