ნანკა კალატოზიშვილი: "ოცნებისგან" არაფერი გამიკვირდება, მაგრამ ჩემთვის უკრაინის ბრალდება "ომი საქართველომ დაიწყო"-ზე არანაკლებ მძიმე მოსასმენია

1649358454
"ოცნებისგან" არაფერი გამიკვირდება, მაგრამ ჩემთვის უკრაინის ბრალდება "ომი საქართველომ დაიწყო"-ზე არანაკლებ მძიმე მოსასმენია, - ამის შესახებ მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
"ჩემდა სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლებას რეპუტაცია მოქალაქეებში იმდენად ცუდია, რომ ეს საშინელი ბრალდება, რაც იყო, ძალიან ბევრმა დავუშვით, რომ შესაძლოა ეს რეალური იყოს. ახალი მოსულები იყვნენ ხელისუფლებაში და 2008 წლის მეომრების სია გადასცეს რუსეთს. ანტისაოკუპაციო აქციას არბევენ და აქტივისტებს იჭერენ, პუტინის გინებაზე ჯარიმა აქვთ. ამიტომ, ეჭვი არსებობს და ბრალდება დამაჯერებელია.
მე არ მინდა დავემსგავსო "ოცნების" მხარდამჭერებს, რომელთაც კონკრეტული პარტიის და კონკრეტული ადამიანების მიმართ ზიზღი შეუძლიათ ქვეყანაზე წინ დააყენონ, ამიტომ ეს ბრალდება ჩემთვის არანაკლებ საშინელი მოსასმენია, ვიდრე ის, რომ საქართველომ დაიწყო ომი. არ გამიკვირდება, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცებულებები," - განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.