ეს ვიზიტი იყო არადიპლომატიური სიხისტისა და უტიფრობის კლასიკური მაგალითი, როდესაც ამერიკელი სტუმრები რუსი ნამესტნიკების მსგავსად, არათუ სტუმრებად არ გრძნობდნენ თავს, არამედ „უკაზანიებს“ იძლეოდნენ და იმდენად გათავხედდნენ, ქართველი ხალხის სახელითაც კი ლაპარაკობდნენ, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ნანა კაკაბაძე ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტს საქართველოში. 

ამერიკელი სტუმრების მიზანი იყო, დაეფიქსირებინათ პოზიცია, რომ ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მოქმედ ოპოზიციურ ძალებს აშშ-ს მთავრობა ყველა საშუალებით დაეხმარება ხელისუფლებაში მოსასვლელად

მისი თქმით, ამერიკელი სტუმრების მიზანი იყო, დაეფიქსირებინათ საქართველოსთვის ამერიკის სახელმწიფოს პოზიცია, რომ ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მოქმედ ოპოზიციურ ძალებს აშშ-ს მთავრობა ყველა საშუალებით დაეხმარება ხელისუფლებაში მოსასვლელად.


„რევიზორები ჩამობრძანდნენ ამერიკიდან


ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის და კონგრესმენ მაიკ ტერნერის 2-დღიანი ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში ჩამოეტანათ აშშ-ს სახელმწიფოს გზავნილები.


მათ მიერ გაჟღერებულმა შეფასებებმა დაგვანახვეს შემდეგი: 


1. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა ამერიკისთვის მიუღებელია, რის გამოც მათი მიზანია ამ ხელისუფლების შეცვლა 26 ოქტომბრის არჩევნებზე.


2. ამ არჩევნებს აშშ და მთელი მსოფლიო გამადიდებელი ლუპით დააკვირდებიან და თუ სამართლიანად და ობიექტურად არ ჩატარდა, მის შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობენ. 


3. ისინი ყველანაირად უჭერენ და მომავალშიც დაუჭერენ მხარს ქართველი ხალხის „პროდასავლურ განწყობებს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“. 


4. ეს მხარდაჭერა არის ორპარტიული, ანუ ვისაც იმედი აქვს, რომ აშშ-ს არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ახალი ადმინისტრაცია საქართველოს არსებულ ხელისუფლებას დაუჭერს მხარს, ძალიან ცდება. ამის დასტური იყო ის, რომ ეს ორი ამერიკელი სტუმარი სხვადასხვა პარტიას წარმოადგენდა, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ერთიანი პოზიცია ჰქონდათ. 


5. მიუხედავად იმისა, რომ მათ მოითხოვეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, მან შეხვედრაზე უარი განაცხადა. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელებმა კი თურმე შეხვედრაზე ვერ გამოამჟღავნეს, რომ მათ ამერიკის მიმართ პოლიტიკის უკეთესობისკენ შეცვლა უნდათ, რის გამოც რევიზორების გული ვერ მოიგეს.
ერთი სიტყვით, ამერიკელი სტუმრების მიზანი იყო, დაეფიქსირებინათ საქართველოსთვის ამერიკის სახელმწიფოს პოზიცია, რომ ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მოქმედ ოპოზიციურ ძალებს აშშ-ს მთავრობა ყველა საშუალებით დაეხმარება ხელისუფლებაში მოსასვლელად. „დანარჩენი კი თქვენ უნდა გააკეთოთო“ - ასე დამოძღვრეს "უფროსმა ძმებმა" ერთად და ცალ-ცალკე მათსავე მორჩილებაში მყოფი ოპოზიციური გუნდი (პრეზიდენტი, პარტიები და მათი დაფინანსებული ენჯეოები).


ეს ვიზიტი იყო არადიპლომატიური სიხისტისა და უტიფრობის კლასიკური მაგალითი, როდესაც ამერიკელი სტუმრები რუსი ნამესტნიკების მსგავსად, არათუ სტუმრებად არ გრძნობდნენ თავს, არამედ „უკაზანიებს“ იძლეოდნენ და იმდენად გათავხედდნენ, ქართველი ხალხის სახელითაც კი ლაპარაკობდნენ.


მათ ყოველგვარი რევერანსების გარეშე აღნიშნეს, რომ თურმე საქართველოს ხელისუფლება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, რის გამოც ეს ქართველმა ამომრჩევლებმა არჩევნებში უნდა დააფიქსირონო, ხოლო თუ არჩევნებში ხელისუფლების გამარჯვება დაფიქსირდაო, ე. ი. არჩევნები გაყალბდაო, თქვენ შიგნიდან მიაწექით, ჩვენ გარედან დაგიჭერთ მხარსო და ერთად შევცვალოთ ჩვენთვის მიუღებელი ეს ხელისუფლებაო- დაამუნათეს ოპოზიცია.


მოკლედ, თითქმის 20 წლის წინ ამერიკელების მიერ „დემოკრატიის შუქურად“ წოდებული სისხლიანი რეჟიმი, მათთვის ისევ „შუქურად“ რჩება და პირდაპირ გვეუბნებიან, მასობრივი რეპრესიები, ბიზნესის რეკეტი, ციხეში გაუპატიურებები, არჩევნების გაყალბებები და ათასი სხვა უბედურებები უნდა მოგწონდეთ და ისევ ამის ავტორები უნდა დააბრუნოთ ხელისუფლებაშიო. რადგან ქართველი ხალხის უმრავლესობას ნატო და ევროკავშირი გინდათ, ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ეს არის დასავლური ღირებულებებიო. 


ეტყობა, ისეთ ჩამორჩენილებადაც გვთვლიან ქართველებს, რომ ჰგონიათ, ერთმანეთისგან ვერ ვარჩევთ თავისუფლებას და მონობას, ღირსებას და უღირსობას, პარტნიორობას და ქვეშევრდომობას, დემოკრატიას და დემოკრატიის სახელით შეფუთულ დიქტატს. 


ამომრჩევლებს გვეუბნებიან, თქვენ კი აირჩიეთ ეს ხელისუფლება თავის დროზე, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ისინი აღარ გამოხატავენ თქვენს ინტერესებს, თქვენც ანალოგიურის ფიქრი მოგეთხოვებათ და აქედან გამომდინარე, არჩევნებში ხელისუფლება უნდა შეცვალოთო.


როდესაც არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებაზე საუბრობენ ჩვენი ამერიკელი ნამესტნიკები, ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ თვითონ და მათი მსგავსნი, არიან დაინტერესებული და მიკერძოებული მხარეები, ამიტომ ობიექტურ შემფასებლებად ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოდგებიან და ასეთ დასკვნებს ჩალის ფასი ექნება ქართველი ხალხისთვის.


რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ მათთან შეხვედრაზე უარის თქმას, ისე გაიკვირვეს და შეურაცხყოფად მიიღეს, რომ თითქოს ლამის ყოველდღე არ ემუქრებოდნენ მას სანქციებითა თუ სხვადასხვა შეზღუდვებით. თურმე ამის შემდეგაც კი ბიძინა მათ ხელგაშლილად და პატივისცემით უნდა შეხვედროდა. მათი ასეთი ამპარტავნული დამოკიდებულება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ როგორ აღიქვამენ ისინი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს. 


სწორედ ამიტომ, სწორედ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხის მიერ საკადრისი პასუხი გაეცემათ ბატონყმური დამოკიდებულების მსურველებს!“ - წერს კაკაბაძე.