ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით აუცილებელია, რომ მხარდაჭერა გამოხატოს საქართველოს პრეზიდენტმა, მით უმეტეს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის ეს სანქცია დაწესებული და ამიტომ აუცილებელია მხარდაჭერა, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

მისივე თქმით, „იმედი“ ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა და საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა არჩევანს სწორედ მასზე აკეთებს.

„აუცილებელია, პრეზიდენტმა დაიცვას მედიასაშუალებები“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ წარმოუდგენელი აბსურდია „იმედისა“ და „პოსტივის“ ბრიტანეთის მთავრობის მიერ დასანქცირება და მათ აუცილებლად უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი.

„ვცდილობდი, რომ ღიმილი მომეცილებინა ამ კითხვასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ შევძელი, იმიტომ, რომ მართლაც წარმოუდგენელი აბსურდია, რომ ეს ორი ტელევიზია უკრაინაში გავლენას ახდენს და  ბრიტანეთის მთავრობა აქ, საქართველოში ჩვენს ტელევიზიებს ასანქცირებს. სერიოზულად პასუხის გაცემა შეუძლებელია კონკრეტულად ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ფაქტს თუ მივაბამთ, ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ ერთი ძალის მიერ მართული გზავნილებია, დასჯის მექანიზმი. არაფერი განსხვავება არ არის, მაგალითად, კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასა და „იმედისა“ და „პოსტივის“ დასჯასთან და დასანქცირებასთან დაკავშირებით ან ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი მაღალჩინოსნების დასანქცირებასთან, ან „კამიტის“ მოგონილ თემასთან, ან რეზოლუციები, ან „ბიბისით“, „სიენენითა“ და ძალიან ბევრი მედიასაშუალებით გადაცემული, რომ ჩვენ ვკლავთ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ვაწამებთ და ა.შ. ესეც იგივე ნარატივია, ერთი ქსელია. მიუხედავად ამისა, ჩვენ პირიქით, პასუხისმგებლობითა და პატივისცემით ვეპყრობით ბრიტანეთს. აუცილებლად უნდა გავცეთ შესაბამისი პასუხი, რომ მიუღებელია მსგავსი აქტი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.