„პირველ რიგში მინდა გავამხნევო, ასევე მადლობა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს, რადგან, რომ არა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის გონიერება და სიბრძნე, დღეს ჩვენი ქვეყანა განვითარების ამ ეტაპზე არ იქნებოდა“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ის ქედს იხრის საზოგადოების უმრავლესობის წინაშე, რომელიც არჩევანს ყოველთვის საქართველოს განვითარების სასარგებლოდ აკეთებს.
„ქედს ვიხრი ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის წინაშე, ვინც კარგად ერკვევა არსებულ სიტუაციაში და არჩევანს ყოველთვის საქართველოს განვითარების სასარგებლოდ აკეთებს. ერთადერთი შეფერხება, რომ უფრო მეტი ტემპით არ ვითარდება საქართველო, ეს არის გარედან მართული რადიკალების ქმედებები, რომლებიც ამ ყველაფერს უარყოფენ, როგორც აქ წარმოდგენილი, გარედან დაფინანსებული ერთ-ერთი რადიკალური ფრთის ტელევიზიის წარმომადგენელი ახერხებს და ცდილობს, რომ ეს ყველაფერი უგულებელყოს, როგორც ტრამპთან შეხვედრა, როგორც ის ურთიერთობები, აღიარება ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წარმატებისა. ასევეა მცირე რაოდენობა ჩვენი საზოგადოების, რომელიც მოტყუებულია, ზოგი დაფინანსებულია, სამწუხაროდ არიან ამ სიცრუის ქვეშ და ახორციელებენ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ქმედებას“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფო დღეს ისეთი ძლიერია , როგორც არასდროს.
„საქართველოს საზოგადოება არის საკმაოდ ბრძენი. მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარების ტემპები ყველასთვის მისაბაძია, სახელმწიფო დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ყველა ინსტიტუციას აქვს თავისი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შეასრულებს თავის სახელმწიფოებრივ მოვალეობას და ვალდებულებას და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. არჩევანი არის ძალიან მარტივად გასაკეთებელი , ეს ტემპები არ შეჩერდება, ყველა ჩვენგანს აქვს პასუხისმგებლობა, რომ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა და კიდევ უფრო მეტად დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, გამთლიანება და წინსვლა“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.