როდესაც გავიგე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი ვიყავი, ამას არ ველოდი. დიახ, 9 წელია, რაც „ქართული ოცნების“ და პარლამენტის წევრი ვარ. ორი წლის წინ, შევქმენით ჩვენი პარტია - „ხალხის ძალა“. თუმცა, არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მივიღეთ მონაწილეობა. და ამ წინადადების მოულოდნელობის გათვალისწინებით, ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი პარტიის ხელმძღვანელებთან და ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ფრანგულ Radio Courtoisie-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩემი გუნდის მხარდაჭერამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამეღო. ეს პირადი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო ინსტიტუტისთვის, რომელიც უნდა დაბრუნდეს საკონსტიტუციო ჩარჩოში. ვწუხვარ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ დაარღვია წესრიგი, რომელიც ჩვენს საპარლამენტო რესპუბლიკას მართავს.
ჟურნალისტის კითხვას: ვიმსჯელოთ მიმდინარე მოვლენებზე. ჩვენ გიცნობთ, როგორც საფეხბურთო ჩემპიონს, რომელსაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 46 მატჩი აქვს ჩატარებული და რომელიც „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა.
მიხეილ ყაველაშვილმა ინტერვიუში ასე უპასუხა: "ხანდახან, როდესაც პარლამენტში ჩემს ზოგიერთ ქმედებას განიხილავდნენ, მეკითხებოდნენ, რატომ ვაკეთებდი ამას და ვპასუხობდი – რადგან მე თავდამსხმელი ვარ; და კვლავ ვრჩები თავდამსხმელად. ეს სათამაშო გამოცდილება და გუნდური სულისკვეთება უკიდურესად მნიშვნელოვანია; გამარჯვების იგივე სურვილი გამაჩნია და სწორედ შეტევასა და დაცვას შორის ბალანსის წყალობით ვიგებთ არჩევნებს."