საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას საფეხბურთო კარიერის დასრულებას ეხმაურება და მას გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მისი სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
მიხეილ ყაველაშვილმა ნაკრების ახალ კაპიტანს, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ტიტული და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელობა მიულოცა.
"დღეს საქართველოსა და რუმინეთის ამხანაგურ მატჩში განსაკუთრებული ემოციებით გავაცილეთ ჩვენი ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი და კაპიტანი გურამ კაშია.
წლების განმავლობაში ის იყო არა მხოლოდ გუნდის ლიდერი მოედანზე, არამედ ღირსების, პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი, რამაც არაერთი თაობის გულში დატოვა წარუშლელი კვალი.
გურამმა ჩვენ ყველას გვაჩუქა დაუვიწყარი ემოციები და მნიშვნელოვანი გამარჯვებები, რისთვისაც მისი სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
მადლობა ყველაფრისთვის, კაპიტანო. მადლობა იმ წლებისთვის, როდესაც მთელი გულით ემსახურებოდი საქართველოს.
გისურვებ წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე. შენი ადგილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უკვე გამორჩეული და საპატიოა!
ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა შვილებთან, პრემიერ მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან და თბილისის მერ, კახი კალაძესთან ერთად მადლობა გადამეხადა გურამისთვის ქართული ფეხბურთში გაწეული ღვაწლისთვის.
ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის, რომ ამ გამორჩეულ დღეს მივულოცე ჩემპიონთა ლიგის ტიტული და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელობა, ჩვენი ნაკრების ახალ კაპიტანს, ხვიჩა კვარაცხელიას," - წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.










