საქართველო უშუალოდ ნატო-ს წევრი სახელმწიფო არ არის, რომ სამიტზე იმ ფორმატშივე, უმაღლესი ხელისუფალის სახით იყოს წარმოდგენილი, როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები იყვნენ წარმოდგენილი, – ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, რატომ არ იყო საქართველო პრემიერის დონეზე წარმოდგენილი ვილნიუსში.

„ღმერთმა არ ქნას, საქართველოში როდისმე ტრიალებდეს ის, რაც ახლა უკრაინაში ტრიალებს. ღმერთმა დამიფაროს, ნიშნის მოგებით ვსაუბრობდე. უბრალოდ, გასაჭირი აქვს იმ ქვეყანას, უბედურება ტრიალებს და, რასაკვირველია, არავის არ უნდა უნდოდეს, საქართველოში იგივე უბედურება ტრიალებდეს. ამ უბედურების გათვალისწინებით არის ის, რომ უკრაინასთან მიმართებაში გაცილებით სხვაგვარი უნდა ყოფილიყო დამოკიდებულება და ჩვენი ოპონენტების მხრიდან ვინც ცდილობს, ჩვენი საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს უკრაინამ რაღაც მეტ წარმატებას მიაღწია და საქართველოს ასეთი წარმატების მიზეზი ნაკლები აქვს, რასაკვირველია, ის არაკეთილსინდისიერია ასეთ ქცევაში და სარკეების გამრუდებას ცდილობს. გასაგები მიზეზი აქვს იმას, რომ უკრაინას, რასაკვირველია, რაღაცას უმარტივებენ. ეს აბსოლუტურად ნორმალურია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანთან მიმართებაში, სამწუხაროდ, ვერც უკრაინასთან და ვერც საქართველოსთან მიმართებაში რამე კონკრეტული, ხელშესახები პროგრესი ვერ იქნა მიღებული. ეს უნდა ითქვას, ვინმეს კი არ ვამტყუნებ. გასამტყუნებლად არ ვამბობ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, უკრაინას ნატო-ს წევრობისთვის დაუყენეს სამი წინაპირობა: კონკრეტული პარამეტრების დაკმაყოფილება; რუსეთთან ომში გამარჯვება და, რაც მთავარია, წევრი სახელმწიფოების შეთანხმება.

„როგორ ფიქრობთ, საქართველოს მეტი წინაპირობა აქვს? რა გზით მივა ამ შეთანხმებამდე, პირობების დაკმაყოფილებამდე, ამას მაპ-ი ერქმევა თუ არ ერქმევა, ეს ხომ არ არის მთავარი და ცენტრალური საკითხი? ცენტრალური საკითხი არის ეს სამი წინაპირობა: არ უნდა არსებობდეს ომის მდგომარეობა; უნდა იყოს სტანდარტებთან თავსებადი, და თავსებადობას რომელი სახელმწიფო რა გზით მიაღწევს და რა ვადაში, ეს არის მნიშვნელოვანი; ბოლოს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოთა შეთანხმებაა საჭირო“, – განაცხადა სარჯველაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ მიუთითებენ ცალკეული უცხოელი ანალიტიკოსები და ყოფილი ამერიკელი დიპლომატები, რომ საქართველო თითქოს პასიურობს და აღარ ცდილობს, იაქტიუროს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა რეფორმების გაძლიერების, უკრაინის მხარდაჭერის კუთხით და „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლურობა და ნატო-სადმი კეთილგანწყობა მკაფიოდ ასახა კონსტიტუციაში დებულების ჩაწერით.

„ვის გაუკეთებია ასეთი რამ? ეს გააკეთა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, არცთუ ისე დიდი ხნის წინ. ამ განწყობების ჩვენება ხომ მნიშვნელოვანია და ეს გავაკეთეთ, კონკრეტულ რეფორმებს ვახორციელებთ, სადღაც პირველ ადგილზე ვართ, სადღაც ევროკავშირის სახელმწიფოებს ვუსწრებთ კრიტერიუმების მიხედვით, სამხედრო თვალსაზრისით ნორმალური პარამეტრები გვაქვს და ა.შ. თითქოს არაფერი არ დაგვეწუნება, მაგრამ აქაც „თითქოს“, ეს რთული სიტყვა „თითქოს“ ყველაფერს აფუჭებს. რატომ ხდება ასე? არ მინდა, ამის ნამდვილობა დავიჯერო, მაგრამ ვაითუ აღმოჩნდეს ისე, რომ საქართველოში ოპოზიციური ძალების გამარჯვება ვიღაცისთვის დღეს უფრო მეტად პრიორიტეტულია, ვიდრე საქართველოს წინსვლა ნატო-ს მიმართულებით და ევროკავშირის მიმართულებით. ვაითუ, ამასთან გვაქვს საქმე. ღმერთმა არ ქნას, ეს ასე იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე გამოიყურება ყველაფერი, რაც სამწუხაროა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.