გახარია და „ლელო“, პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე მავალ პოლიტიკურ დაჯგუფებებად იქცნენ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა მედიის კითხვას მამუკა მდინარაძის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით:
მინისტრის აზრით, ოპოზიცია არ იმსახურებს საზოგადოების მხარდაჭერას.
„ბოლო ხანებში, სამწუხაროდ, ცუდ რეალობას აქვს ადგილი, როდესაც საქმე ეხება ოპოზიციის შეფასებას. ფაქტია, ისინი ხელისუფლებას აკრიტიკებენ და ეჯიბრებიან იმაში, როგორი იქნება მათი გეგმები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, ოპოზიცია დღეს ჩამოყალიბდა ღირსების, კეთილდღეობისა და მშვიდობის მოწინააღმდეგედ. ასეთ პირობებში, რასაკვირველია, ოპოზიცია არ იმსახურებს საზოგადოების მხარდაჭერას. ამ ყველაფრის ფონზე, ყველა აქტორი, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ ამ თამაშში არის ჩართული ოპოზიციის მხარეს, უნდა აცნობიერებდეს იმ უზარმაზარ პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება. ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარია იგივე გახარიაზე, „ლელოზე“ და ასე შემდეგ, ისინი, პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე მავალ პოლიტიკურ დაჯგუფებებად იქცნენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.