იმედი მაქვს, აქციის მშვიდობიანი, ცივილიზებული ჩარჩო შენარჩუნდება, რომლისაც ხელისუფლებას ყველაზე მეტად ეშინია!,- ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ბევრგან ბავშვებმა სკოლის ბანკეტისთვის გადადებული ფული მოითხოვეს, რათა აირწინაღები იყიდონ. ეს არის ჩვენი ეპოქის სიმბოლო!
საქართველო არ არის ბელარუსი, საქართველოში რამდენჯერმე შეიცვალა ხელისუფლება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მათ შორის, 2007 წელს პროტესტის შედეგად გადავდექი, ხოლო 2012 წელს იმავე წამს ვაღიარე დამარცხება, როცა exit-poll გამოცხადდა.
იმედი მაქვს, აქციის მშვიდობიანი, ცივილიზებული ჩარჩო შენარჩუნდება, რომლისაც ხელისუფლებას ყველაზე მეტად ეშინია!
მოვუწოდებ ბიზნესმენებს, აქციის მონაწილეებს კვების საკითხებში დაეხმარონ.
დასვენების მთელი კვირა უნდა გამოვიყენოთ არა რეგიონში წასვლისთვის (შეიძლება ალბათ 1 დღით ჩასვლა), არამედ რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანისთვის.
როგორც ყველა სხვა საკითხში, სოფო ჯაფარიძის იმედი მაქვს ლოჯისტიკის ორგანიზებაში. ეს ლოჯისტიკა გამოიხატება ხალხის განთავსებაში, კვებაში, პირველი მოხმარების საგნების უზრუნველყოფაში.
ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებებია, მე ჩემი თავი ხალხზე მაღლა არასდროს დამიყენებია და ჭკუას ვერავის დავარიგებ, განსაკუთრებით ამ დღეებში, როდესაც ქართველმა ხალხმა თვითორგანიზების საოცარი უნარი კიდევ ერთხელ აჩვენა!“,- წერს სააკაშვილი.