აქცია ნამდვილი არჩევნების მოთხოვნით და არა როგორც ალისა ამბობს ხოლმე "ვითომ-ვითომ" არჩევნებში და სინამდვილეში სპეცოპერაციაში მონაწილეობის იყო ძალიან წარმატებული! - ამის შესახებ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ამ პაპანაქება სიცხეში, შუა ზაფხულში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების მაღალ ბრძოლისუნარიანობაზე.
კიდევ რაც მომეწონა - მონაწილეებს შორის არ იყო არანაირი კონკურენცია და ეჭვიანობა, მხოლოდ ერთიანობა. ვულოცავ მსვლელობის ორგანიზატორებს და მონაწილეებს.
ძალა ერთობაშია!" - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, 18 ივლისს დედაქალაქში აქცია გაიმართა - აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ გადაადგილდებოდნენ - ძირითადი მოთხოვნები აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო.