ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებების განხილვას მეორე მოსმენით იწყებს პარლამენტი. საკითხზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.
ცვლილებების მიხედვით, სრული ზოგადი განათლება 11 კლასით განისაზღვრება. უქმდება სკოლის სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების წესი; ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, სავალდებულო ხდება მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება; განისაზღვრება მობილური ტელეფონის მოსწავლეთა მიერ გამოყენების წესები. რაც შეეხება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს, ის ძირითადად სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციას უკავშირდება.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები საქართველოს განათლების მსოფლიო რუკაზე შეხვედრაში დაეხმარება.
"პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, როგორც ზოგადი განათლების შესახებ კანონში, ასევე უმაღლესი განათლების კანონში ცვლილება.
ცვლილება, პირველ რიგში, უნივერსიტეტების, პროფესორების, სტუდენტების ინტერესების დაცვას ემსახურება მიზნად, ასევე ჩვენს ქვეყანას უნდა შეეძლოს განათლების მსოფლიო რუკაზე მოხვედრა", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.




