"სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი პაატა მანჯგალაძე რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობას არ შეწყვეტას აბსურდს უწოდებს. 

"რუსი ჯაშუში ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის არშეწყვეტა არის წარმოუდგენელი აბსურდი იმ მოტივით, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეობის პირობებში უფრო დაისჯება. 

პირველი, აბსურდია იმიტომ, რომ დასჯის შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, პირი არის თუ არა საქართველოს მოქალაქე, როცა ისეთი მძიმე დანაშაულის ჩადენაზეა საუბარი როგორიც არის რუსეთის ჯაშუშობა-აგენტობა. და მეორე, პრეზიდენტს მართლა სჯერა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არსებული გაუშიფრავი მაღალი რანგის აგენტები დასჯიან გაშიფრულ თავიანთ კოლეგა რუსეთის ჯაშუშ ფარცხალაძეს? 

მე არ ვიცი ვინ ურჩია ეს, მაგრამ პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ეს არის სიბრიყვე და პოლიტიკური მავნებლობა.

ამასთან, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ოპოზიციონერებზე თავდასხმის ფაქტებს. ესეც რუსულია თავისი არსით და ბუნებით, რომ როცა სიმართლეს ვერ უპირისპირებ არგუმენტს, უნდა გადახვიდე ძალადობაზე და ამაში უნდა გამოიყენო კრიმინალთან სხვადასხვა ტიპის კონტაქტში მყოფი ადამიანები. ესეც სიბრიყვეა „ქართული ოცნების“ მხრიდან რადგან არავის გამოსვლია ქართველი ერის დაშინება თავისუფლებისა საქართველოს ერთიანობის გზაზე.  

აქვე, ჩვენ როცა ვსაუბრობთ ძალადობაზე, არ მინდა გაგებული იქნას თითქოს ჩვენ ვართ მსხვერპლი, მსხვერპლი არის რუსული რეჟიმი, დამარცხებული არის ჯაშუშების "ქართული ოცნება", რადგან როცა ღალატის გზას ადგები, იმ წამიდან მარცხი გადაწყვეტილია. რეჟიმი დამარცხდება! საქართველო გაიმარჯვებს და რაც ხდება, ეს არის ხელისუფლების არა ძალის არამედ სისუსტის ნიშანი. მთავარია, ეხლა ჩვენ ვირწმუნოთ ჩვენი ერთიანობის და იმის, რომ გამარჯვება ახლოს არის! - ამბობს პაატა მანჯგალაძე