როდესაც მე გავხდები პარტიის თავმჯდომარე, ჩემთვის პრიორიტეტული იქნება, ენმ-ს პარლამენტიდან გამოსვლა და ქუჩაში ბრძოლის დაწყება - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნონა მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„როდესაც ჩვენ ამომრჩეველს შევპირდით, რომ პარლამენტში იმ პირობით შევდიოდით, რომ „აგვედუღებინა“ პარლამენტი და დისკომფორტი შეგვექმნა „ქართული ოცნებისთვის“, შარლ მიშელის შეთანხმებაზე გაგვეგრძელებინა მუშაობა, მიხეილ სააკაშვილის შესახებ კომისია შეგვექმნა, ჩვენ ამ დანაპირებიდან ვერაფერი ვერ შევასრულეთ. პარალელურად ვიძახდით, რომ ეს არის რუსული რეჟიმი, რომელიც კრემლთან თანამშრომლობს. მე, როდესაც ჩავთვალე, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი იყო, ჩავთვალე, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო და წამოვედი.
ბუტაფორიულ პარლამენტში ყოფნით ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციას ვუგრძელებთ. ვამბობთ, რომ ისინი რუსულ დავალებას ასრულებენ, პარალელურად ვსხედვართ მათთან ერთად ერთ შენობაში და მათთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას, თითქოს რაღაცის შეცვლის საშუალება გვქონდეს. როდესაც მე გავხდები პარტიის თავმჯდომარე, ჩემთვის პრიორიტეტული იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტიდან გამოვიდეს და დავიწყოთ ბრძოლა ქუჩაში“,- განაცხადა მამულაშვილმა.