თურმე რამხელა იმედებს ამყარებენ რევოლუციის მოსურნენი კარვებზე, - ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ.
„ჯერ ხომ კარვების პროექტად მონათლეს, როცა კონსტრუქციაში მილიონი სხვა რამე შეიძლება იგულისხმებოდეს და თურმე თავიანთ კარვებზე რამხელა იმედებს ამყარებენ. ვინც ასე გააფთრებით იცავს ე.წ. კარვებისა თუ სხვა კონსტრუქციების კანონპროექტს, იტყუება, რომ კარვები და ასეთი კონსტრუქციები იკრძალება და ეს ტყუილი არ უნდა გავუტაროთ. ამ გააფთრებული დაცვით მტკიცდება, რომ ისინი უერთდებიან გეგმას, რომელიც გამოამჟღავნა სუს-მა - მოხდეს ადამიანების აფეთქება და სიკვდილით რაღაც ბენეფიტები მოიპოვონ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების და მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.