ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვინ - ვის დაესხა თავს. იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვითაც გახარიამ სახეში ჭიქა ჩაარტყა დიმიტრი სამხარაძეს. სამხარაძის რეაქცია იყო თუ არა საპასუხო? თუ საპასუხო რეაქცია იყო, თავდასხმა როგორ არის?, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას. მისი თქმით, გამოსაძიებელია ისიც, ხომ არ ჰქონდა გიორგი გახარიას ქმედებას საფუძვლად პოლიტიკური სარჩული.
„ჩვენ გვაგუებენ რას იცით? - რაღაცას საკუთარი თვალით რომ ვნახავთ, ამის საწინააღმდეგო მოქმედებებს, ამას გვაგუებენ. ჭიქა ჩაარტყა გახარიამ სამხარაძეს, მაგრამ თავდასხმა გახარიაზე იყო - რანაირი მსჯელობაა, ვის მოსდის ეს აზრად. ჯერ იმედი რომ დაადანაშაულეს - ინფორმაცია რომ გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ გახარია იყო ინიციატორი ფიზიკური დაპირისპირებისო, რა ამბავი ატყდა სოციალურ ქსელებში. მე რასაც ვლაპარაკობ, იმას სრული ვიდეო არც სჭირდება. შუაში რაც მოხდა, ამას ჩვენებებით გაარკვევენ, ალბათ ვიდეომეთვალყურეობაც იქნებოდა, სასტუმროა, მაგრამ, დაწყების კადრები ხომ ნახეთ საკუთარი თვალით, შესაბამისად „იმედი“ რომ დაადანაშაულეს და დაამუნათეს და ახლა გამქრალები არიან, ეს რატომ ხდება. შესაბამისად, გახარია უნდა დაფიქრდეს, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას. ფიზიკური ძალადობა პირველად იყო მისი მხრიდან, ახლა გამოსაძიებელია ის, ამას ედო თუ არა პოლიტიკურის სარჩული. თუ ასე იყო, ეს უმძიმესი მუხლია. დიტო სამხარაძე თავად გასცემს პასუხს, საპასუხო რეაქცია იყო, თუ რა იყო. თავს დამესხნენ და წამებულის როლში გამოსვლა ადვილია, შენ ნუ ესხმი თავიდან თავს, თორემ პასუხის ყველა მიიღებს, მათ შორის თავდაცვის მიზნით. თავს ხომ არ გაალახვინებ. ვიღაცა თავს გესხმის და თავი ხომ უნდა დაიცვა. ჭიქას რომ ჩაგარტყამენ სახეში, რას კადრულობ ბატონოო - უნდა უთხრა? თავს დაგესხმებიან და უნდა გასცე პასუხი. თავდასხმაც უნდა გავარჩიოთ და პასუხის გაცემაც უნდა გავარჩიოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.