რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ, ასეთი სასაცილო გადაწყვეტილებები აზიანებს თავად სანქციის დამწესებელს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებთან და სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
მდინარაძე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის საქართველოში ვიზიტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ შეხვდება ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ქართულ ეკლესიას, ქართულ სახელმწიფოს და საქართველოს ხელისუფლებას.
„ჩვენ არაერთი მაშველი რგოლი შეგვიძლია, ვნახოთ არჩევნებამდე. დღეს ნახეთ, რომ სანქციები გამოაცხადეს. დღეს ასევე ნახეთ, რომ როთი ჩამოვიდა. ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ქართულ ეკლესიას, ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს ხელისუფლებას, ქართველი ხალხის არჩევანს და ჭკუას გვასწავლის. ამიტომ არ ვხვდებით. ქართულმა სახელმწიფომ და მისმა ხელისუფლებამ როგორც იქნა გაბედა და თქვა – დიახ, ვინც ქართულ ეკლესიას, ქართულ იდენტობას, ქართველი ხალხის არჩევანს მიაყენებს შეურაცხყოფას, მას ჩვენ გავცემთ შესაბამის პასუხს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს. ათი წლის წინ ამაზე ალბათ ვერც ვიოცნებებდით. დღეს ჩვენ ამას ვბედავთ.
ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ მისი უშუალო კოლეგა ნიკამ სამხარაძე ჩავიდეს გერმანიაში და მათ ღირსებას, ხელისუფლებას, შეურაცხყოფა მიაყენოს. წარმოიდგინეთ რეაქცია. ისინი ბედავენ ამას და ვერ უნდა გაბედონ. დღეს სანქციები ვნახეთ 60-მდე პირს დაუწესდა. როგორც ჩანს, არაფორმალური გავლენები იმდენად მძლავრია, მათ შორის აშშ-ში ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, რომ ამ გავლენების შესაბამისად კიდევ ერთხელ დაგვასანქცირეს, ოღონდ არ გვეუბნებიან ვინ არიან დასანქცირებული. ამ შემთხვევაში ფინანსური სანქციები დააწესეს რამდენიმე პირს. გაურიეს და ერთმანეთში არიეს, მათ შორის ალტ ინფოს წარმომადგენლები და პოლიციელები, პოლიციის მაღალჩინოსნები. ეს არის ერთის მხრივ პოლიციის შეურაცხყოფა, მეორე მხრივ ინსტიტუციის შეურაცხყოფა და მესამე მხრივ, არის ქართველი ხალხის არჩევანზე და ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა არაფორმალური გავლენებით. რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც დაასახელეს, რომ 30 ადამიანი დასანქცირდა? – შეიცვალა ერთადერთი რამ, არჩევნები მოახლოვდა“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ ელოდებიან მსგავსს და შესაძლოა, უფრო კიდევ მძაფრ სხვადასხვა რეაქციებს განცხადებების სახით.
„კიდევ იქნება გარედან მაშველი რგოლები, რომელიც იქნება ხავსი ოპოზიციისთვის, რადგან ისინი ქართველ ხალხს ვერ ელაპარაკებიან, ისინი ელაპარაკებიან უცხოელების გავლით. რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ გვითხრან, აგვიხსნან. არ შეიძლება ამხელა ქვეყნის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურების ქმედებები სასაცილო იყოს, ძალიან უხერხულია. ეს ჩვენ ზიანს ვეღარ გვაყენებს, ზიანს აყენებს ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაციას საქართველოში. რას ეხვეწებიან აქედან ისეთს, რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებთო. იხვეწება აგენტურა და იქნებ ახლა დაასანქციროთო. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი სასაცილო გადაწყვეტილებები, სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, აზიანებს თავად სანქციის დამწესებელს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.