„საოცარი ამბის მომსწრეები გავხდით დღეს. ერთი კვირაა ველოდებით პასუხს - მოგვაწოდეთ თქვენი ვერსიები ,თუ  როგორ გავმიჯნოთ მკაფიოდ ადამიანის უფლებები, მათ შორის, იმ ადამიანების, რომლებსაც  არატრადიციული ორიენტაცია აქვთ და ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციისგან ფსევდო ლიბერალიზმის წინააღმდეგ გასატარებელ ქმედებებზეც ელოდება პასუხს და ისინი ამ თემის გადაფარვას ფასებზე სპეკულაციით ცდილობენ.

„თუ როგორ ვებრძოლოთ ფსევდო ლიბერალიზმს, რომელსაც ჩვენი პატივცემული ოპონენტების დიდი ნაწილი უწყობს ხელს, აი ამის პასუხი არ მიგვიღია და ჰოი საოცრებავ, თურმე რა ხდება ამ დროს - დასხდნენ პატივცემული როზნერი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ე.წ. ნაცკლასტერში იძლევა დავალებებს, ფოკუს ჯგუფები გააკეთეს და აბა რა არის აქტუალური საკითხი? - მოდით ვილაპარაკოთ ყველამ ფასებზე, რომ გადავფაროთ ის ამბები პასუხი რომ არ გვქონდეს გასაცემი. სად ლგბტ პროპაგანდა და სად ფასები? ფასების საკითხი ცალკე სალაპარაკო თემაა და ცალკე პრობლემაა. ამავდროულად, იმდენ ადამიანს ველაპარაკეთ და იმდენ ადამიანს ელაპარაკა პრემიერი ირაკლი კობახიძე ამ ფასებთან დაკავშირებით, რომ ამ დღეების მთავარი თემაა, 5-6 თემას შორის. ეს ამბები, რა თქმა უნდა, გავრცელდება, რადგან ასობით ადამიანთან რომ გაქვს შეხვედრა და ამას პრიორიტეტულ თემად  ასახელებ.  თან ფიქრობთ ამ პიარ-კამპანიით იქნებ გადავფაროთ საკითხი ლგბტ მავნე შედეგების პროპაგანდაზე და საერთოდ გვერდი ავუაროთო. ვერ აუვლით მაგ თემას! თქვენი შიდა მესიჯია, რომ ფასების თემით სპეკულირებით და მანიპულირებით, გადაფაროთ საპასუხო რეაქციები. ეს აბსოლუტურად სხვა თემაა! ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება და იმ უბედურებას ეხება, რაც ძალიან ცუდი და საშიში ტრენდია. კეთილი ინებეთ, ამაზე პასუხი გაგვეცით თუ სად ხართ საერთოდ, გვიერთდებით თუ არა, რომ უნდა ავკრძალოთ ეს პროპაგანდა, უნდა გამოვრიცხოთ ეს მავნე შედეგები და ასევე ფასებზეც ვილაპარაკოთ. არ გამოგივათ როზნერის დავალებებით მუშაობა. მარტო პიარული, მდაბიო პოპულისტური თემები. ეს ნაცური ნარატივები აღარ გაჭრის ამ ქვეყანაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.