როდესაც ოპოზიციას ერთი წინადადებაც კი არ აქვს, რა შემხვედრი ნაბიჯები შეიძლება, მათი მხრიდან გადაიდგას და მაინც კრიტიკას ახმოვანებენ, ცოტა უხერხულია. მათ არაფერი წარმოუდგენიათ, რომელიც ოდნავ მაინც გასაზიარებელი შეიძლება იყოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დროს „ნაცმოძრაობაზე“ რადიკალური ფრთა გამოიკვეთა, რომელიც არის „ლელო“.

„წარმოიდგინეთ, „ნაცმოძრაობა“ ესწრება რაღაც შეხვედრას და ფორმალურად მაინც ცდილობს, შეინარჩუნოს კონსტრუქციულობის ნატამალი, ამ დროს ვიღაც ცდილობს, „ნაცმოძრაობაზე“ რადიკალი აღმოჩნდეს, უფრო „საბოტაჟნიკიო“ რომ ეძახიან ხოლმე ერთმანეთს. ერთმანეთს ამხელენ ამ ბოლო დროს, სხვადასხვა ევროპული ინსტიტუტის დერეფნებში დადიოდნენ და ცდილობდნენ, საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. თავისმა თანამოაზრეებმა ამხილეს ამ ყველაფერში. ხაზარაძე გვახსოვს ამ როლში და თავისი წამოცდენებით, თავისი „მუსტანგით“ ახლა საქართველოში ცდილობს, „ნაცებზე“ უფრო „ნაცი“ გამოჩნდეს. მათ აქვთ დღეს ყველაზე დაბალი რეიტინგი, რაც კი ოპოზიციას საქართველოში ჰქონია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.