„ამ ადამიანს სასამართლოთი დაუმტკიცდა, რომ თაღლითური გზით ასეულობით მილიონი აქვს მოპარული, მითვისებული, ზუსტი კვალიფიკაცია არ მახსოვს და გუშინდელი ჩატარებული ძალიან წარმატებული ღონისძიების შედეგად ეს ადამიანი იქნა დაკავებული. ვულოცავ ანრი ოხანაშვილს და სპეცსამსახურებს ამ წარმატებულ ღონისძიებას“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ასევე, გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ, შესაძლებელია გარიგების შედეგად მომხდარიყო ბაჩიაშვილის დაკავება, მდინარაძე აცხადებს, რომ „არანაირ გარიგებაზე არ არის საუბარი“
„როგორც ვიცი შინაგან საქმეთა სამინისტროც იყო ჩართული და მადლობას ვუერთდები ქართული სპეცსამსახურების და ძალიან მიხარია, რომ ქართული სპეცსამსახურები თავიანთ სიმაღლეზე დგანან და ასეთი გადაადგილებების შესახებ ინფორმაციას ფლობენ, იპოვებენ, არსებობენ წყაროები, რომლებიც ამ ინფორმაციას მათ აწვდიან და შესაბამისად რეაგირებენ. ამიტომ, ეს არის წარმატებული ღონისძიება, წარმატებული ოპერაცია, რომელიც თქვენ არ გაგიხარდებოდათ იმიტომ, რომ ეს ადამიანი როგორც აღმოჩნდა ოპოზიციის, დაგეგმილი, დასაგეგმი თუ მიმდინარე აქციების მთავარი დამფინანსებელი იყო და საბოლოო ჯამში ისიც ასრულებდა დავალებებს. სხვანაირად მისი ქმედება, მას რომ ის გაებედა, რაც გაბედა, წარმოუდგენელია. დავალების შემსრულებელი, ადამიანი, რომელმაც დიდი თანხები მოიპარა არის დაკავებული, ეს ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, არანაირ გარიგებაზე არ არის საუბარი“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.
გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა შეეფარდა - სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის, 8 986.86 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია