ჩვენი თავის ატკიება ახლა ჯობია, ვიდრე ოქტომბერში თავის ისეთი ატკიება, რომელსაც ქვეყანა ვერ გადაიტანს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, „პარტია „ქართული ოცნების“ მომხრეებმა გამოთქვეს პრეტენზია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირებით, რატომ აიტკია „ოცნებამ“ აუტკივარი თავი“.

„აუტკივარი თავი ახლა, ამხელა რეიტინგის ფონზე იმიტომ ავიტკიეთ, რომ თავის ტკივილი, რომელიც გვექნებოდა ოქტომბერში, ქვეუანა ვერ გადაიტანდა. უფრო მეტი დიდი შავი ფული რომ შემოდის ქვეყანაში, მეტად გაუმჭვირვალე რომ ხდება და რომ გვამუნათებენ, შარშან თქვით და რატომ გადათქვითო, ზუსტად ამიტომ ვაკეთებთ ამას, რათა იყოს გამჭვირვალობა, შავი ფული არ შემოვიდეს, სწორად ვიფიქროთ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

„ნაცმოძრაობის“ აგენტურამ, ცალკე გახარიებმა და სხვებმა დაიწყეს ერთ ხმაში ამ თემაზე საუბარი, ამ კანონით მტერს და მოყვარეს ერთ ქვაბში ყრიანო. ასეთი მავნებლური მესიჯი მოიფიქრეს ახლა. დიახ, მტრულად მოქმედებს ის, ვინც აფინანსებს „კანვასის“ იმ ტრენინგებს რევოლუციის შესახებ, ვინც აფინანსებს „სირცხვილიას“, „დროას“. რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს, დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან, ყველა მტრულ მოქმედებებშია ჩართული. ისინი, ვინც „სირცხვილიას“, „დროას“, „ფრანკლინის კლუბს“, რევოლუციურ გეგმებს, ლგბტ პროპაგანდას, იდენტობის წინააღმდეგ პროპაგანდას, ასეთ მოქმედებებს და რევოლუციურ გეგმებს ვინც აფინანსებს, ყველას ვადანაშაულებ. პირდაპირ ხელს ვადებ იმაში, რომ ისინი არიან საქართველოს წინააღმდეგ მტრული მოქმედებების დამფინანსებლები. ის ფინანსები, რომელიც ძალიან კარგი საქმისთვის მიემართება, მხოლოდ მადლობას იმსახურებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.