ახალი პრემიერი წავიდა ბრიუსელში, ეს იყო განაცხადი, ბევრი მანიპულაცია და სპეკულაცია მოვისმინეთ ამაზე, რატომ არ წავიდა მიუნხენში, იმიტომ, რომ მას ჰქონდა სიმბოლური, რეალური მიზანი, იმ სიმბოლიზმიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ერთხელ განვსაზღვრეთ კონსტიტუციაში, რა არის ქვეყნის საგარეო მიზანი, ახალმა პრემიერმა განსაზღვრა პირველი ვიზიტი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტს აქვს უდიდესი დატვირთვა.
ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ არაერთი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირისკენ დაახლოების გზაზე, რაც ასეც გაგრძელდება.
„ამას აქვს უდიდესი დატვირთვა, ეს არის კიდევ ერთი განაცხადი, რა გვჭირდება ჩვენ, საით მივისწრაფვით, აქაც ვერავინ უნდა მოახერხოს ინტერპრეტირება და მიუნხენის კონფერენციით სარგებლობა, თითქოს იქ ვიღაც არ წავიდა, სხვაგან მიდის და ა.შ. ჩვენი საგარეო კურსი არის ურყევი. ევროპა არის ჩვენი სახლი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგები 2012 წლიდან მოყოლებული, რისი მსგავსიც მანამდე არ გვქონია. როგორც არ უნდა ამოვაბრუნოთ ეს ფაქტები, ეს მოხდა „ქართული ოცნების“ პირობებში, მისი სწორი რეფორმების და ღირსეული გადაწყვეტილებები გამო. ჩვენ ასე გავაგრძელებთ. ეს არის ერთადერთი გზა, სადაც ამ ღირსებით, სიამაყით და არა ცალ ფეხზე დგომით გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა მდინარაძემ.