ჩვენ არ ვაპირებთ, დავუშვათ საქართველოს სკოლებში და მედიასაშუალებებში ლგბტ პროპაგანდა - თანახმა ხართ?, - ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბათუმში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილებს.
„ასევე გვითხრეს, რომ თურმე, უნდა გავაუქმოთ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი და მომავალი თაობები უნდა გავწიროთ ამ პროპაგანდისათვის. უნდა გავაუქმოთ თურმე კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რათა ვერასდროს გავიგოთ, ვინ დააფინანსებს ამ, ქვეყანაში აგენტურას, ომის და ლგბტ პროპაგანდას, ეკლესიის სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების, ასევე ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს.
მოკლედ, გუშინდელი დღიდან, ყველაფერი გახდა უფრო ნათელი. გუშინ სათქმელი პირდაპირ გვითხრეს. მოდი, ახლა ვკითხოთ აქ შეკრებილ ათიათასობით ადამიანს, რა სურს ხალხს სინამდვილეში.
ჩვენ არ ვაპირებთ, დავუშვათ საქართველოს სკოლებში და მედიასაშუალებებში ლგბტ პროპაგანდა - თანახმა ხართ?
ჩვენ არ ვაპირებთ, გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი და საქართველოს მოქალაქეს ყოველთვის ეცოდინება, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ საქართველოში - თანახმა ხართ?
ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლით ვაჭრობას, შესაბამისად, ქართველი კაცი და ქართველი ქალი, არასდროს დათმობს მშვიდობას და მით უმეტეს, არასდროს დათმობს ღირსებას.
და მოდი აქედან, თქვენი სახელით, ამ ემოციის ფონზე, მივმართოთ ყველას, მთელ მსოფლიოში. ამათთან ლაპარაკს, ჩვენთან, ამ ოპოზიციად წოდებულებთან საუბარს არანაირი აზრი არ აქვს და ვისაც ჯერ კიდევ სხვანაირი წარმოდგენა აქვს ქართველებზე დარჩენილი, დროა, გაიცნონ საქართველო, ქართველი ხალხი და ჩვენი გაუტეხელი ხასიათი!
რაც უფრო მეტი იქნება უსამართლობა, ზეწოლა და მცდელობა, გადაწყვეტილებები მიიღოს ვინმე სხვამ, ქართველი ხალხის ნაცვლად, მით უფრო მკაცრი და მკაფიო იქნება ქართველი ხალხის პასუხი! ამ შემთხვევაში, 26 ოქტომბერს: მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ!
ჩვენს ამაყ და ღირსეულ ქვეყანას გაუმარჯოს!“,- აღნიშნა მდინარაძემ.