მოგესალმებით ქართველებო! ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით ღირსეულ მომავალს, როგორსაც ამაყი, ქართველი ერი იმსახურებს. დღეს აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ვუთხრათ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, არამედ მთელს მსოფლიოს, რომ მთელს მსოფლიოში არ არსებობს იმაზე ამაყი, თავდაჯერებული, ღირსეული ერი, როგორიც ქართველი ერია, - „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საერთო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქართველები რომლებიც, ვერასდროს წარმოვიდგენთ ჩვენს თავს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოძმეების გარეშე, რომლებიც ორიენტირებულები ვიქნებით, რომ რაც შეიძლება მალე, ყოველთვის ერთიან, თავისუფალ, ძლიერ, სრულად დამოუკიდებელ საქართველოში ვიცხოვროთ. მე მინდა ყველა ჩვენს ეთნიკურ ჯგუფს მივესალმო, აზერბაიჯანელებს, სომხებს, ყველას ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეა. ჩვენ სარეთო მრწამსი - მამული, ენა, სარწმუნოებაა და დიახ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპაში და უნდა გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი წევრები და ამასთან ერთად უნდა ვთქვათ, რომ ევროპას ქართველებთან ერთად უფრო გამდიდრდება, უფრო ღირსეული და ამაყი იქნება, რადგან ჩვენ ჩვენი კულტურით, იდენტობით კიდევ უფრო გავამდიდრებთ ევროპას. წინ ბევრი ამოცანა გვაქვს, „ქართულ ოცნებას“ ბევრი ამოცანა აქვს თავის ლიდერებთან, საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ეს არის სვლა დეოკუპაციისკენ, ეკონომიკური განვითარებისკენ, გრძელვადიანი მშვიდობისკენ, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ, ეს ყველაფერი ერთად ცოტა რთულია, მაგრამ ყველა ერთად ამას შევძლებთ სიამაყით და ორ ფეხზე დგომით.
არ დარჩენილა დღეს საქართველოში არც ერთი ოჯახი, რომლის წარმომადგენელიც აქ არ იყოს, ყველა კუთხის, ყველა სოფლის, ყველა ქალაქის ბევრი წარმომადგენელი აქ არის და ეუბნება მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ამაყი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქართველი ერი“, - განაცხადა მდინარაძემ.
როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.