ბოლო დღე ნახევრის განმავლობაში ყველაზე აქტუალური კითხვაა ჩვენს ამომრჩევლებში: რად გინდოდათ და რაში გჭირდებოდათ ეს ამბავი? დღევანდელ დღემდე, ვიდრე ირაკლი კობახიძემ ამასთან დაკავშირებით ღიად არ ილაპარაკა, მეც გუშინ თავი შევიკავე კონკრეტული თარიღის დასახელებისგან, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჯობია, ბოლომდე გაიხსნას კარტები და ვთქვათ, რომ 16 დეკემბერზე, როდესაც ევროსაბჭოს სხდომა იმართება, იყო დამოკიდებული  ჩვენი აგენტურული ოპოზიციის მთლიანი გეგმები,  - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოში სწორედ 16 დეკემბერს იგეგმებოდა  არეულობის მოწყობა იმის საფუძველზე, რომ ევროკომისია საქართველოს მოლაპარაკების გახსნაზე უარს ეტყოდა. ამასთან, მომდევნო ოთხი წელი სწორედ ამაზე იყო აწყობილი და ქვეყანაში ევროკომისიის ყოველი სხდომის პარალელურად, ყოველ შემოდგომასა და გაზაფხულზე, არეულობის მცდელობებს ექნებოდა ადგილი.

„ვერ მოგატყუებთ რომ ევროსაბჭოდან რაიმე დეტალური ინფორმაცია გვქონდა ასე, მაგრამ ჩვენ ინფორმაციები გვაქვს ჩვენი ოპონენტებისგან და მათი გეგმებით, 16 დეკემბერს იგეგმებოდა  საქართველოში არეულობის მოწყობა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას უარი უნდა ეთქვა საქართველოსთვის მოლაპარაკების გახსნაზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველა შემოდგომასა და გაზაფხულზე, ასეთი არეულობის მცდელობებს ექნებოდა ადგილი, ვგულისხმობთ იმას, რომ წელიწადში ორჯერ ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც მოგეხსენებათ, იგეგმება ხოლმე და ტარდება ევროსაბჭოს სხდომა, სადაც ასეთი საკითხები განიხილება და მთელი მომდევნო ოთხი წლის გეგმები ამაზე იყო აწყობილი. ამიტომ მოხდა ისე, რომ მათ თქვეს: 300 ათასი და 400  ათასი ხმის გაყალბებას ჩვენ ვერავის ვაჯერებთ, მოდი ახლა დავიშალოთ. პირველ სხდომაზე იცით, რომ 800-მდე ადამიანი შეიკრიბა, საერთოდ არ მოვიდნენ და არ გააპროტესტეს მთავრობის დამტკიცების დღე, ისინი ემზადებოდნენ და მთელ გეგმებს აწყობდნენ 16 დეკემბრისთვის. 16 დეკემბერს უნდა მომხდარიყო არეულობა იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო და მას უარი უთხრა მოლაპარაკებაზე ევროსაბჭომ და ევროკომისიამ. ეს გეგმები ჩავუშალეთ და ეს მთავარი ბერკეტი წავართვით მათ - ეს პასუხი ჩვენს იმ მომხრეებს კითხვაზე, რად გინდოდათ ახლა და რაღა მაინცდამაინც ახლა, მაშინ, როდესაც ყველაფერი ჩაცხრა და ვნებათაღელვა აღარ არსებობდა ჩვენს საზოგადოებაში.“ -  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.