“ქართული ოცნების” მორიგი პროპაგანდისტული ტყუილი მათ მიერ გაჩერებული ანაკლიის პროექტის გარშემო.
საერთაშორისო არბიტრაჟის მომსახურებაში 600.000 დოლარი გადაიხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, სადაც ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები არიან და არა მამუკა ხაზარაძემ. - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ახლა “ქართულმა ოცნებამ” უნდა გაასაჯაროვოს რამდენი ათეული მილიონი ლარი, ანუ, გადასახადის გადამხდელთა და ბიუჯეტის თანხა დახარჯა ანაკლიის გაჩერებაში, ამავე არბიტრაჟის მიმდინარეობის დროს მიღებულ იურიდიულ მომსახურებაში.
მარტივად ვიტყვი რაც იყო:
● არბიტრაჟმა თქვა, რომ ხელისუფლება მოიქცა ყაჩაღურად და ეს მეორე მხარემ იცოდა, შესაბამისად, პასუხისმგებლობა მასზეა, რომ რუსულ მთავრობასთან აფორმებდა კონტრაქტს.
● "ანაკლიას" რომ წაეგო, მაშინ მას არბიტრაჟი დააკისრებდა მილიონების გადახდას სახელმწიფოს სასარგებლოდ (გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯების ჩათვლით)
● ეს რომ ჯარიმა იყოს, გადახდილი იქნებოდა ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ ეს ასეა, წარმოადგინონ შესაბამისი მტკიცებულება.
ეს იყო მომსახურების მოსაკრებელი, ისეთივე, როგორსაც ქართულ სასამართლოებში იხდის ჩვენი ყველა მოქალაქე.
აქვე შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა გააჩერა ანაკლიის პროექტი, რომელიც 2020-ში უკვე მზად იქნებოდა პირველი გემის მისაღებად.
ასევე “ქართულმა ოცნებამ” 80 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ამერიკული და ევროპული კომპანიების ინვესტიციის კონფისკაცია მოახდინა.
ახლა ისმის კითხვა - შვიდ წელიწადში ანაკლიის გაჩერების შემდეგ, რატომ ვერ იპოვეს ინვესტორი და რატომ ვერ ააშენეს ანაკლიის პორტი?
და ბოლოს, რატომ დასჭირდა "ოცნებას" ამ საკითხის ახლა წამოწევა, როცა ეს მომსახურების თანხა წინა წელს იქნა გადახდილი? - წერს მამუკა ხაზარაძე "ფეისბუკში".
ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია რომ მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის საქმეზე საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარი გადაიხადა.
შეგახსენებთ, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა და არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სარჩელში აცხადებდნენ, რომ ანაკლიის პორტი ვერ აშენდა სახელმწიფოს ბრალეულობით და კომპენსაციის სახით ბიუჯეტიდან დაახლოებით 4 მილიარდი ლარის თანხის გადახდას ითხოვდნენ.