"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს.
ხაზარაძე ეხმაურება მედიის ინფორმაციას პრემიერის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის პირადი ვიზიტებისთვის გამოყენების თაობაზე და "აღვირახსნილ კანონდარღვევას" უწოდებს.
"დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა! საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა დაიწყოს ეს პროცესი... თუ მსგავს აღვირახსნილ კანონდარღვევას შევეგუებით და შესაბამისად არ ვიმოქმედებთ ყველა ერთად, პარლამენტი და საზოგადოება, მაშინ ევროკავშირისკენ სწრაფვა ილუზიაა - იმპიჩმენტი ღარიბაშვილს!" - წერს ხაზარაძე.
ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობის სტრატკომმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა.
სტრატკომი საზოგადოების ინფორმირების მიზნით განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით.
"კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა",- აღნიშნავს მთავრობის სტრატკომი.