"ზოგიერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის დამოკიდებულება არ გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებს შეუქმნის ქვეყანას"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულის გამოძიებისთვის ტრიბუნალის შეთანხმებასთან დაკავშირებით.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის მხარდაჭერაზე, საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია. საქართველო არის სოლიდარული უკრაინელი ხალხის მიმართ. საქართველო მხარს უჭერს იმ საერთაშორისო ნორმებს და შესაბამისად, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ერთგულები ვიქნებით ჩვენი ამ პოზიციის.

რაც შეეხება ევროპის საბჭოს ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას - საქართველოს მიმართ ზოგიერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაძლევს იმის შესაძლებლობასა და საფუძველს, მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას და შესაძლოა, საქართველო გაზრდილი რისკების წინაშე დააყენოს", - განმარტავს მაკა ბოჭორიშვილი.

ცნობისათვის: მოლდოვაში, ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, 36-მა ქვეყანამ გამოთქვა განზრახვა, შეუერთდნენ უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას.

ტრიბუნალი გამოიძიებს, დაადანაშაულებს, გაასამართლებს იმ პირებს, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებელნი არიან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე.

გადაწყვეტილებას, 11 ქვეყანასთან ერთად არ შეუერთდა საქართველო, რაც ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნისთვის დამატებითი რისკებით და საფრთხეებით ახსნა.

გადაწყვეტილებას, საქართველოსთან ერთად, ასევე არ შეუერთდნენ შემდეგი ქვეყნები:

- სომხეთი

- აზერბაიჯანი

- უნგრეთი

- თურქეთი

- სერბეთი

- ალბანეთი

- ბოსნია და ჰერცეგოვინა

- ბულგარეთი

- ჩრდილოეთ მაკედონია

- სლოვაკეთი

- მალტა