აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის მონაწილე სტუდენტებსა და მასწავლებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ პროფესიული განათლების განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,პროფესიული განათლების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. გვქონდა შეხვედრა რეგიონში მოქმედი პროფესიული კოლეჯების 10 წარჩინებულ სტუდენტთან, რომლებიც უახლოეს პერიოდში ესტონეთში გაემგზავრებიან. მათ შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიდგომებს, გაიზიარონ უცხოელი სპეციალისტების გამოცდილება და მიღებული ცოდნა საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში გამოიყენონ.
დღეს ახალგაზრდების იდეებსა და ხედვებს გავეცანით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ისინი ტურიზმის სფეროთი არიან დაინტერესებულები და უკვე ფიქრობენ ახალ შესაძლებლობებზე, ინოვაციურ პროექტებსა და სტარტაპებზე. ჩვენი მიზანია, მოტივირებულ სტუდენტებს შევუქმნათ განვითარების სრული შესაძლებლობა და გავაძლიეროთ თაობა, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის განვითარებაში" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
პროგრამის ფარგლებში, რეგიონში მოქმედი სახელმწიფო კოლეჯების - „ახალი ტალღისა“ და „ბლექსის“ 25 მასწავლებელი კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით გერმანიაში, ხორვატიაში, ესტონეთსა და პორტუგალიაში იმყოფებოდა.
2026 წლიდან კი, ქვეპროგრამა სტუდენტებზეც გავრცელდა. წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 10 სტუდენტი - ხუთი კოლეჯ „ბლექსიდან“ და ხუთი კოლეჯ „ახალი ტალღიდან“. ისინი ერთი თვის განმავლობაში ესტონეთის რესპუბლიკაში, ვალგამას სახელმწიფო პროფესიულ სასწავლო ცენტრში, სტუმარმასპინძლობის და კვების მიმართულებით გაცვლით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჭყონია, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.








